სხვა

1:20 | 26.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფილიპო განამ დროზე რბოლაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

საგზაო ველოსპორტში მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელსაც იტალიის ქალაქი იმოლა მასპინძლობს, დღეს მამაკაცთა შორის დროზე რბოლა გაიმართა, რომელშიც იტალიელმა ფილიპო განამ გაიმარჯვა. მან უკან ჩამოიტოვა კარგ ფორმაში მყოფი ბელგიელი ვუტ ვან აერტი და თავისი თანაგუნდელი, ტურ დე ფრანსის ყოფილი ჩემპიონი, ბრიტანელი გერეინ თომასი.

განა პირველი იტალიელი მამაკაცი მრბოლია, ვინც დროზე რბოლაში, მსოფლიო ჩემპიონის ცისარტყელასფერი მაისური მოირგო. ეს გამარჯვება მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ მალე ჯირო დ’იტალია დაიწყება, რომლის მარშრუტშიც სამი დროზე რბოლა შედის და სავარაუდოდ, მათზე ბევრი რამ გადაწყდება. განამ ვან აერტს 27 წამით აჯობა.

„ინეოს გრენადერსის“ განა ავსტრალიელ როჰან დენისთან ერთად, რომელიც მოქმედი ჩემპიონის რანგში ასპარეზობდა, ფავორიტთა შორის იყო. დენისი დისტანციაზე ბოლო გავიდა, მაგრამ იტალიელის ტემპს უკვე შუა გზაზევე ჩამორჩა. და მაშინვე აშკარა გახდა, რომ ახალი ჩემპიონი დაიბადა. დენისი ამჯერად მეხუთე შედეგს დასჯერდა. მესამეზე შვეიცარიელი შტეფან კუნგი გავიდა, თომასი კი მეოთხე იყო.

„დღეს ოცნება ავისრულე და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. ფინიშთან მაყურებლისგან მხარდაჭერას ვგრძნობდი, რამაც ძალა მომცა. მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი იტალიის ნაკრებს და ინეოს გრენადერსს. ტრეკზე რბოლებში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული უკვე მოგებული მქონდა, მაგრამ დროზე საგზაო რბოლაში ეს ჩემი პირველი გამარჯვებაა“, - ნარბოლევს განაცხადა 24 წლის ჩემპიონმა, ვისაც საგზაო რბოლებში მხოლოდ ექვსი გამარჯვება აქვს და ყველა დროზე რბოლაში მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116012