ჩოგბურთი

23:07 | 25.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი ფედერერის რეკორდზე: "ყველაფერს გავაკეთებ ამის მისაღწევად"

სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა რომის მასტერსი მოიგო და მსოფლიო რეიტინგს მყარად უთგას სათავეში. ამჟამად ნოვაკს ორი გამოწვევა აქვს, კარიერა ყველაზე მეტი დიდი სლემის ტიტულებით დაასრულოს და ასევე გააუმჯობესოს როჯერ ფედერერის სარეიტინგო რეკორდი.

ორშაბათს 287-ე კვირა გახდა, რაც ჯოკოვიჩი მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერია და ამ მაჩვენებლით პიტ სამპრასის რეკორდი გააუმჯობესა, ხოლო ახლა მხოლოდ როჯერ ფედერერს ჩამორჩება, რომელიც რეიტინგის სათავეში 310 კვირა იყო.

"აღნიშნული რეკორდის შესახებ ვიცი," თქვა ჯოკოვიჩმა სარეკორდო 36-ე მასტერსის მოგების შემდეგ. "ვუახლოვდები რეკორდს. კარგ ფორმაში ვარ, ამას ვგრძნობ. ასევე, კარგად ვთამაშობ და ჯანმრთელად ვარ."

თუ სერბს უახლოეს ერთ წელიწადში ვერავინ დააქვეითებს, მაშინ ჯოკოვიჩი ფედერერის რეკორდს 2021 წლის 8 მარტს გააუმჯობესებს. ამჯამად, ნოვაკი 1410 ქულით უსწრებს რაფაელ ნადალს, რომელიც როლან გაროსზე ქულებს ვერ მიიღებს, რადგან გასულ წელს მოიგო.

ახალი ისტორიის დაწერა ჯოკოვიჩისთვის გამოწვევაა და მოტივაციას აძლევს ფედერერის შედეგის გაუმჯობესება. ამ მომენტისთვის ნოვაკი ფოკუსირებულია საკუთარი თავის კონტროლზე და აღნიშნავს, რომ საუკეთესო ჩოგბურთელობა მსხვერპლს მოითხოვს.

"ისტორიული პირველი ადგილის მიზანი ჰორიზონტზეა. ყველაფერს გავაკეთებ ამის მისაღწევად. წინ ვიყურები და ჯერჯერობით არ ვიცი როდის, რომელ წელს მივაღწევ. მსოფლიოს რეიტინგის სათავეში ყოფნა მოითხოვს გამძლეობას და ბევრი რამის გაღებას მთელი წლის განმავლობაში. საკმარისი არაა ერთი ან ორი თვე კარგად ითამაშო. შენ უნდა შეძლო მთელი წლის განმავლობაში კარგად იასპარეზო, რათა მსოფლიოში საუკეთესო იყო." - აღნიშნა ნოვაკმა.

შემდეგი კვირიდან საფრანგეთის ღია პირველობა იქყება და ჯოკოვიჩი დიდი სლემის მე-18 ტიტულს უმიზნებს. ამავე ტურნირზე რაფაელ ნადალიც იასპარეზებს, რომელიც შეეცდება სარეკორდოდ მეცამეტედ მოიგოს როლან გაროსი და ასევე, დიდი სლემის ტიტულების რაოდენობით როჯერ ფედერერს (20) დაეწიოს. თავად შვეიცარიელი ორი ოპერაციის შემდეგ რეაბილუტაციას გადის და ტურნირებზე შემდეგი წლიდან მიიღებს მონაწილეობას. ასევე, საფრანგეთში იასპარეზებს დომინიკ ტიმი, რომელმაც ახლახანს აშშ-ს პირველობა მოიგო და როლან გაროსის გასული ორი წლის ფინალისტია.

0.144044