ბლოგი

12:36 | 30.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

სანაძლეოს ფენომენი

საქართველოში სანაძლეოს დადების ტრადიცია, ჯერ კიდევ უძველესი დროიდან იღებს სათავეს. ადრე, როგორც ახლა, სანაძლეოში ორი მხარის გარდა, აუცილებლად მონაწილეობდა მესამე პირი, რომელიც ასე ვთქვათ, დამკვირვებლის ფუნქციას ასრულებდა. ყველაფერთან ერთად, ეს იყო დიდი გამოცდა მამაკაცებისთვის პატიოსნებაში, სიმართლის თქმაში, სიტყვისკაცობაში და სხვა. ამიტომ წაგებულის შესრულება ან ასრულება, ფრიად საშური რამ იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში მავანი წაგებული კაცი მრავალი ღირსების რეგალიას კარგავდა და ხშირად საყოველთაო დაცინვის საგანიც კი ხდებოდა.

წინათ სანაძლეოები უფრო მეტად ცალკეული ადამიანების მხრიდან ფიზიკური ძალის დემონსტრირებაზე კეთდებოდა _ ვინ ასწევდა უფრო მეტ სიმძიმეს, ვის შეეძლო გაქანებულ ცხენზე შეჯდომა და სხვა. თუმცა, ძალზე უჩვეულო და საინტერესო სანაძლეოებიც ხშირად ყოფილა ძველ ქართულ რეალობაში. ამიტომ ალბათ საინტერესო იქნება, თუ ერთ ასეთ მნიშვნელოვან ფაქტსაც გიამბობთ:

არსებობს გადმოცემა, თითქოს ქართლში ცხოვრობდა ერთი კაცი, სახელად ლაზარე, რომელსაც კბილებით ხანჯლის გაკვნეტა შეეძლო და ამ თავისი სასწაულებრივი შესაძლებლობების გამო უამრავ სანაძლეოს იგებდა და ამ სანაძლეოებით დიდი ქონება დაეგროვებინა. ეს ამბავი გაუგია იმერეთის მეფის კარზე მოსამსახურე ერთ დიდებულს, რომელსაც გადაუწყვეტია რამენაირად გაეგო_გამოერკვია ლაზარეს ამ საოცარი შესაძლებლობების მიზეზი, შემდეგ კი ისეთი რამ გაეკეთებინა, რომ ქართლელი ხანჯლის მკვნეტავი დაემარცხებინა დამ ის ქონებასაც დაპატრონებოდა. ამიტომ მან ლაზარესთან სპეციალურად გააგზავნა ერთი მეტად ეშმაკი და მისთვის სანდო კაცი, ვინმე ბაზალი.

ბაზალმა ლაზარს ასეთი პირობა დაუდო, თუ კი იგი მისთვის მიცემულ ხანჯალს ვერ გაკვნეტავდა კბილით, მაშინ მთელი მისი ქონება ბაზალს დარჩებოდა. ხოლო თუ გაკვნეტას შეძლებდა, მაშინ იმერელი სტუმარი კისრულობდა ძალიან დიდი რაოდენობით ოქრო-ვერცხლს. ამ სანაძლეოს დადებას ორივე მხრიდან სამ-სამი კაცი დაესწრო, ანუ სულ ექვსი “დამკვირვებელი” აკვირდებოდა. მართლაც, პირობისამებრ ბაზალმა ამოიღო იმერეთიდან წამოღებული ხანჯალი და ფალავანს მიაწოდა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა მას სიმუხთლე ჰქონია გულში, რადგან ხანჯალზე ძლიერმოქმედი საწამლავი წაესვა, რის გამოც მასთან ოდნავ მიკარების შემთხვევაშიც კი(არათუ კბილის დაღერის და მოკიდების სემდეგ), ადამიანი მიწაზე ეცემოდა და საშინელი კრუნჩხვები ეწყებოდა. ასე მოუვიდა ლაზარესაც, რომელსაც იმ დროს თუ რა დაემართა, ბაზალის მეტმა ვერავინ გაიგო და ყველამ იგი აღიარა გამარჯვებულად.

სანაძლეოს პირობის მიხედვით, მან ლაზარეს მთელი ქონება ურმებზე დააწყო და გამარჯვებული დაუბრუნდა თავის ბატონს. ამ სიმუხთლის ამბავი, თურმე შემდეგ გაირკვა, როცა მოშხამული ლაზარე გამომჯობინდა და ასე რატომაც დაემართა ყველას უამბო. მაგრამ რაღას იზამდნენ? საქმის გამოსწორება უკვე გვიანი იყო. ამის შემდეგ უკვე აღარავის სჯეროდა ლაზარს სასწაულებრივი შესაძლებლობების. თანაც მას საწამლავმა რკინის მკვნეტელი კბილებიც დააცვევინა და საყოველთაო დაცინვის საგანიც გახდა. იმ ადგილს, სადაც ლაზარე მოატყუეს და საწამლავიანი ხანჯალი შეაჩეჩეს, დღესაც სიცრუის ალაგს, ანდა მატყუარს გორას ეძახიან.

აი, ასეთ საინტერესო რაღაცეებზე ნაძლევდებოდნენ ადრე ჩვენი წინაპრები და საკმაოდ ოსტატურად ატყუებდნენ კიდეც ერთმანეთს, თუმცა ეს ადრე იყო. დღეს კი, ამ მხრივ ბევრი რამეა შეცვლილი და თავისუფლად შეიძლება ითქვას დახვეწილიც კი.

0.118701