ფეხბურთი

23:10 | 2.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

დინამო ბათუმმა ლიდერთან ჩამორჩენა შეამცირა

საქართველოს ეროვნული ლიგის მერვე ტური ბათუმში დასრულდა, სადაც „დინამომ“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.

ბუნებრივია, გულშემატკივარი ბათუმშიც დაუბრუნდა სტადიონს და „ანგისას“ ბაზაზე ისევ საფეხბურთო საღამო იყო, როგორც მანამდე, კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე.

თამაშს რაც შეეხება, აჭარლები უპირატესობას თავიდანვე დაუფლნენ და გამარჯვებაც ადვილად მოახერხეს. თითო ტაიმში თითო გოლი - ჯერ ვაგნერ გონსალვეშმა გახსნა ანგარიში, რომელმაც საჯარიმოს მისადგომებიდან გაისროლა და დიდებული გოლი გაიტანა. მატჩის მიწურულს კი თორნიკე გაფრინდაშვილმა გააორმაგა უპირატესობა. ბათუმელებმა კარგი შეტევა განახორციელეს და გაფრინდაშვილმა ჯაბა ჯიღაურს იდეალური პასი დაუფასა.

„დინამო ბათუმს“ 14 ქულა აქვს, მესამე პოზიციაზეა და ლიდერ გორის „დილას“ ორი ქულით ჩამორჩება. „სამტრედია“ 8 ქულით აუტსაიდერთა შორისაა, მეშვიდე ადგილზე.

„დინამო ბათუმი“ – „სამტრედია“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ვაგნერი (37), 2:0 გაფრინდაშვილი (90)

0.112946