რაგბი

15:12 | 31.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო რაგბის საბჭომ დროებითი სანაკრებო კალენდარი დაამტკიცა

მსოფლიო რაგბის საბჭომ აღმასრულებელი კომიტეტის რეკომენდაციები სრულად გაითვალისწინა და საერთაშორისო მატჩებისთვის დროებითი კალენდარი დაამტკიცა.

მის თანახმად, 2020 წლის 13 დეკემბრამდე მე-9 დებულებაში დროებითი ცვლილებები შედის და საერთაშორისო თამაშები 24 ოქტომბრიდან 12 დეკემბრამდე გაგრძელდება.

ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, 24 და 31 ოქტომბერს, უნდა დასრულდეს ექვსი ერის გადადებული შეხვედრები, მათ შორის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩები, რომლის ფარგლებში ბორჯღალოსნებს რუსეთთან აქვს სათამაშო. 7 ნოემბერი დასვენების დღე იქნება, რის შემდეგაც იქნება საერთაშორისო ტესტ-მატჩების ზედიზედ ოთხი რაუნდი.

სამხრეთ ნახევარსფეროში რაგბი ჩემპიონშიფის დროებით ფანჯარად განისაზღვრა 7 ნოემბერი – 12 დეკემბერი. COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული პრობლემების გამო, თამაშები ერთ ქვეყანაში ჩატარდება.

მსოფლიო რაგბი იმედოვნებს, რომ ამ ცვლილებებით რაგბის კავშირების ფინანსური მდგომარეობა გამოსწორდება და დაიწყება სწრაფი აღდგენის პროცესი.

მსოფლიო რაგბის თავმჯდომარის სერ ბილ ბომონტის თქმით: „COVID-19-ის გლობალურმა პანდემიამ უპრეცედენტო გავლენა მოახდინა საზოგადოებასა და სპორტზე; ამ მოლაპარაკების ყველა მონაწილე ცდილობდა გამოენახა საუკეთესო გამოსავალი საერთაშორისო და საკლუბო რაგბისა და მორაგბეების ინტერესების გათვალისწინებით.

„ამ თარიღების შეთანხმება და დამოწმება ამაღელვებელი იყო მორაგბეებისთვის და ქომაგებისთვის და მეტად მნიშვნელოვანია რაგბის კავშირების მხარდაჭერის საქმეში, მათი ფინანსური ზარალის შემცირებისა და რაგბის პანდემიის შემდგომი ჰარმონიულად აღდგენის თვალსაზრისით.

„საშემოდგომო ტესტებს ყველა მოუთმენლად ელოდება მე კი მინდა მადლობა გადავუხადო რაგბის კავშირებს, საერთაშორისო და საკლუბო შეჯიბრებების ორგანიზატორებს და მორაგბეებს მათი დახმარებისთვის და გულშემატკივრებს – იმ მოთმინებისთვის, რომელიც მათ გამოიჩინეს საერთაშორისო რაგბის ხელახლა ფეხზე წამოყენების საქმეში“.

მსოფლიო რაგბის ვიცე-პრეზიდენტმა ბერნარ ლაპორტმა თქვა: „დღევანდელი დღე მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი სპორტისთვის, ვინაიდან ესაა პირველი ნაბიჯები აღმავლობის გზაზე COVID-19-ის პანდემიის შემდეგ.

„ამას დიდი ძალისხმევა და ბევრი დამქანცველი მოლაპარაკება დასჭირდა, მაგრამ დღეს საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საუკეთესოდ იცავს მთელს მსოფლიოში რაგბის ინტერესებს და მე მოუთმენლად ველი მსოფლიოს საუკეთესო მორაგბეების ხელახლა გამოჩენას საერთაშორისო ასპარეზზე”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112392