ჩოგბურთი

23:40 | 8.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნადალის შემდეგ ჯოკოვიჩი - სერბმა შესაძლოა US Open-ი გამოტოვოს

ესპანელი ჩოგბურთელის რაფაელ ნადალის შემდეგ ამერიკის ღია ჩემპიონატზე მონაწილეობას ასევე ეჭვის თვალით უყურებს მსოფლიოს პირველი ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩი. სერბი ივნისიდან მოყოლებული Adria Tour-ის გამო კრიტიკის ქარცეცხლშია გახვეული და ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია გაემგზავროს აშშ-ში, იქ სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა სწრაფად იზრდება.

"ჯერჯერობით არ გადამიწყვეტია მივიღებ თუ არა მონაწილეობას US Open-ზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში და უფრო კონკრეტულად ნიუ იორკში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა ტურნირისთვის ზიანის მომტანი იქნება." - განუცხადა Sportski Zurnal-ს ჯოკოვიჩმა.

Adria Tour-მა, რომელიც სერბის ორგანიზებით გაიმართა, კორონავირუსით ფიასკო განიცადა და ამ საქველმოქმედო ტურნირის გამო რამდენიმე ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის ჯოკოვიჩი და მისი მეუღლე. სერბულ ყოველდღიურ გაზეთთან საუბრისას ნოვაკ ჯოკოვიჩმა აღნიშნა, რომ მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას მოგვიანებით გაეცნო და უმეტესობა შეურაცმყოფელი იყო.

"კრიტიკას მოგვიანებით გავეცანი და უმეტესობა შეურაცმყოფელი იყო. ეს კრიტიკაზე მეტი იყო, თითქოს ჯადოქარზე ნადირობდნენ. ვიღაცას დიდი სახელის შელახვა უნდოდა." - აღნიშნა ნოვაკმა.

ნოვაკს და მის მეუღლეს კორონავირუსი 10 დღის შემდეგ აღარ დაუფიქსირდათ. ჯოკოვიჩის ინიციატივით გამართული ტურნირის შემდეგ გავრცელდა ფოტოები და ვიდეოები, სადაც ჩოგბურთელები ერთმანეთს ეხვეოდნენ, კალათბურთს თამაშობდნენ და წვეულებაზე ერთად იყვნენ. აღნიშნული ფართოდ გააკრიტიკეს და მათ შორის იყო ნიკ კირიოსი. თუმცა ჯოკოვიჩი აღნიშნავს, რომ მას კარგი საქმის გაკეთება და სხვისი დახმარება უნდოდა.

"კარგი განზრახვა მქონდა, გულით მინდოდა საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზება, რომლის მეშვეობითაც დავეხმარებოდით ჩოგბურთელებს და ფედერაციებს ბალკანეთში. ჩვენ ყველა წესს ვიცავდით, მაგრამ ჩვენი საქციელით გაკვეთილი ვისწავლეთ და ალბათ ზოგი საქმე სხვანაირად უნდა შეგვესრულებინა." - განმარტა სერბმა.

რაფაელ ნადალმა გასულ თვეში აღნიშნა, რომ არ აქვს სურვილი ასეთ დროს ამერიკაში გაემგზავროს და უკვე ცნობილია, რომ იგი მადრიდის ტურნირზე იასპარეზებს. ჯერჯერობით უცნობია გარისკავს თუ არა რაფა აშშ-ში წასვლას. ესპანელის გარდა ტრავმის გამო როჯერ ფედერერიც ვერ ითამაშებს ერთ-ერთ პრესტიჟულ ტურნირზე და თუ ჯოკოვიჩიც უარს იტყვის ამერიკის ღია ჩემპიონატზე მონაწილეობას, ერთ-ერთი გამორჩეული ტურნირი მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელების გარეშე ჩაივლის.

0.13755