ფეხბურთი

11:14 | 7.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

კლაუდიო პიზარო ფეხბურთს დაემშვიდობა

ცნობილმა ფეხბურთელმა კლაუდიო პიზარომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. „ვერდერის“ 41 წლის თავდამსხმელისთვის ბოლო მატჩი „ჰაიდენჰაიმთან“ პლეი-ოფის დაპირისპირება გამოდგა, რომლის წყალობით „ბრემენელმა მუსიკოსებმა“ ბუნდესლიგაში ადგილი შეინარჩუნეს.

პიზარომ კარიერის გამორჩეული პერიოდი და ოქროს წლები სწორედ ბუნდესლიგაში გაატარა, სადაც „ვერდერისა“ და „ბაიერნის“ მაისურით 490 მატჩში 197 გოლი გაიტანა (20 სეზონი გერმანიაში). პიზაროს ბუნდესლიგის ისტორიაში ლეგიონერებს შორის ყველაზე მეტჯერ უთამაშია და სხვათა შორის, მეორე ადგილზე ქართველი ლევან კობიაშვილია (351 მატჩი).

პერუელი გერმანიაში 1999 წელს „ალიანსა ლიმადან“ გადავიდა და „ვერდერში“ გატარებული ორი სეზონის შემდეგ (76 მატჩი, 38 გოლი) „ბაიერნში“ აღმოჩნდა, სადაც 2001-2007 წლებში 256 თამაშში 100 გოლი მიითვალა.

პიზარომ 2007-2008 წლების სეზონი „ჩელსიში“ გაატარა, მაგრამ წარუმატებლად და ალემანიას დაუბრუნდა, კერძოდ, „ვერდერს“ და 2008-2012 წლებში 144 შეხვედრაში თავი 88-ჯერ გამოიჩინა. ბრემენიდან კლაუდიო ისევ „ბაიერნში“ წავიდა, სადაც ამჯერად სამი წელი დაჰყო (2012-2015) და 71 მატჩში მეტოქეები 25-ჯერ დაამწუხრა. „რეკორდმაისტერიდან“ სად წავიდოდა, თუ არა „ვერდერში“ (ორ სეზონში 51 მატჩი, 17 გოლი), მაგრამ შემდეგ „კიოლნში“ გადავიდა, საიდანაც ერთ წელიწადში „ვერდერს“ მეოთხედ(!) შეუერთდა და კარიერაც ბრემენულ გუნდში დაასრულა.

პერუს ნაკრებში პიზარომ 1999-2016 წლებში 85 მატჩში 20 გოლი გაიტანა. ტიტულებს რაც შეეხება, ექვს-ექვსჯერ ბუნდესლიგა და გერმანიის თასი მოიგო, თითოჯერ კი გერმანიის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი, საკონინენტთაშორისო თასი და ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113134