რაგბი

16:07 | 1.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო რაგბის ფიზ.მომზადების ვებინარი - ჭყონიასა და ნემსაძის შეფასება

„მსოფლიო რაგბის“ მაღალი მიღწევების ვირტუალურ აკადემიაში, ვებინარებში ფიზ.მომზადების მწვრთნელებისთვის, საქართველოდან ბორჯღალოსნების ორი მწვრთნელი – ირაკლი ჭყონია და დავით ნემსაძე ჩაერთვნენ.

მათ უკვე ჰქონდათ ორი ჩართვა, სწავლებები კი სექტემბრამდე გაგრძელდება.

ვებინარის წამყვანი ჩვენთვის კარგად ნაცნობი სპეციალისტები, ამჟამად „მსოფლიო რაგბის“ განვითარების ოფიცრები კელვინ მორისი და კრეიგ ვაითი არიან.

„კელვინ მორისი 12 წლის განმავლობაში ინგლისის ნაკრებში მუშაობდა, 2015 წლის მსოფლიო თასის წინ კი, ბორჯღალოსნებს ავარჯიშებდა. მასთან მუშაბით ძალიან დიდი გამოცდილება შევიძინე. ის ძალიან კარგი ადამიანი და მაღალი დონის მწვრთნელია. კრეიგ ვაითს ‘ლაიონსის’ კეპი აქვს, მუშაობდა ‘უოსპსა’ და ‘ლესთერ თაიგერსში’. წლების წინ ის „მსოფლიო რაგბიდან“ საქართველოში იყო მოვლენილი და ფაქტობრივად მისი დახმარებით ჩამოვაყალიბე ფიზ.მომზადების ჯგუფი. მას ჩემს პროფესიულ განვითარებაში დიდი დამსახურება აქვს“ – ამბობს ირაკლი ჭყონია.

„მსოფლიო რაგბის“ ფიზ.მომზადების ჯგუფის პირველი ვებინარი 11 მაისს გაიმართა და ის გაცნობითი ხასიათის იყო, 27 მაისს შედგა პრეზენტაცია თემაზე – სამწვრთნელო ფილოსოფიის განვითარება, 28-ში კი მწვრთნელებს ჩართვა ქონდათ და პრეზენტაციის საკითხთან მიმართებაში საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს.

8 ივნისს კრეიგ ვაითი თანამედროვე რაგბში ფიზ.მომზადების როლზე ისაუბრებს; 22 ივნისს, სპორტის მეცნიერი და ‘სარასენსის’ მწვრთნელი ბენ პოლარდი ჩაატარებს ვებინარს GPS სისტემაზე და სპორტული მეცნიერების გამოყენებაზე; 6 ივლისს ‘მელბურნ რებელსის’ ფიზ.მომზადების მწვრთნელი ნილ მარკვიკი ისაუბრებს სისწრაფის განვითარებაზე, ხოლო 20 ივლისს, 2019 წლის მსოფლიო თასზე იაპონიის ნაკრების ფიზ.მომზადების მწვრთნელი საიმონ ჯოუნსი, მსმენელებს იაპონიის ნაკრების ნაკრების მაგალითზე გააცნობს ეფექტურ პრე-სეზონს.

სექტემბრამდე კიდევ რამდენიმე ვებინარი ჩატარდება და მენტორების ვინაობა, ასევე თემები, მოგვიანებით დაზუსტდება.

ირაკლი ჭყონია: „პროფესიული ზრდისთვის ყველანაირი გადამზადება ძალიან მნიშვნელოვანია, სხვანაირად ვერ განვვითარდებით. ვებინარებს დიდი გამოცდილების მქონე, მაღალი დონის სპეციალისტები გვიტარებენ, რაც მას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. სწავლება სექტემბრამდე გაგრძელდება და ბევრ საინტერესო საკითხს შევეხებით. გვაქვს პრეზენტაციები, რომლებსაც მენტორები გვიტარებენ და მასთან დაკავშირებით ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ. 2012 წლიდან, ქართული ფიზ.მომზადების ჯგუფის წევრები ერთმანეთს ვუზიარებთ ყველა იმ ინფორმაციას, რასაც მოვიპოვებთ და ამჯერადაც ასე იქნება“.

დავით ნემსაძე: „წარმატებული და გამოცდილი მწვრთნელები საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ, რაც ძალიან საინტერესოა. ისინი საწვრთნელ პროცესს ფილოსოფიურად უდგებიან. ყველაზე დიდი ინტერესით სისწრაფის განვითარების სემინარს ველოდები. ველოდები სიახლეებს, რადგან ჩემთვის ეს მიმართულება განსაკუთრებით საინტერესოა. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დრო, რომელიც ბიჭებთან მუშაობაში უნდა გაგვეტარებინა, ჩვენს თავს მოვახმარეთ. ცოდნის გაღრმავება ძალიან კარგია და მას ისევ ქართველ მორაგბეებს მოვახმართ“.

rugby.ge

0.127261