თურქეთში შეწყვეტილი სეზონის განახლებისთვის ემზადებიან და არ გამორიცხავენ, რომ ივლისიდან მაყურებლების მატჩებზე დასწრების უფლება მისცენ. თურქეთის ფეხბურთი ფედერაციის პრეზიდენტმა ნიჰათ ოზდემირმა ეს ინფორმაცია ადგილობრივ მედიასთან დაადასტურა.
„ჩვენი მიზანია სეზონის დასრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში დისკუსია იქნება. გვინდა, სეზონი მოედანზე დავასრულოთ. სეზონის მოსამზადებელი ეტაპის განმავლობაში ტესტები ხშირად ჩატარდება, დადებითი პასუხის შემთხვევაში დაინფიცირებული კარანტინში გადაინაცვლებს და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს გზას.
არის ქვეყნები, სადაც სიტუაცია უფრო უარესია, ვიდრე ჩვენთან. ჩვენი პირველი მიზანია მაყურებლის გარეშე თამაში, მაგრამ თუ ყველაფერი კარგად წავა, ალბათ ივლისში შევძლებთ თამაშების მაყურებლით ჩატარებას“, - განაცხადა ოზდერმა.
შეგახსენებთ, თურქეთის სუპერლიგის გათამაშება 12 ივნისს უნდა განახლდეს. თურქეთში ორი ქართველი ფეხბურთელი, საბა ლობჟანიძე და ლევან შენგელია თამაშობენ.