ავტოსპორტი

2:55 | 24.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონს და ფეტელს კონტრაქტების გაგრძელებას აჩქარებენ

კორონავირუსის პანდემიის გამო, ფორმულა 1-ის წლევანდელი სეზონი ჯერ არ დაწყებულა, თუმცა „მერსედესი“ და „ფერარი“ მონდომებულები არიან, რომ შესაბამისად, ლუის ჰამილტონს და სებასტიან ფეტელს, კონტრაქტები აპრილის ბოლოსთვის გაუგძელონ.

საქმე ისაა, რომ ორივე პილოტს, არსებული კონტრაქტი წლის ბოლოს უმთავრდება. ორივეს გადასაწყვეტი აქვს, დარჩებიან, თუ სხვა გზას მონახავენ. ჰამილტონმა კიდევ ერთხელ უარყო მოარული ხმები იმის შესახებ, რომ თითქოს, ის „ფერარიში“ გადასვლას ფიქრობს. თუმცა სამქიმიანებისთვის ეს ყველაფერი არაა. მათ ჩემპიონთან კონტრაქტის ორი სეზონით გაგრძელება სურთ. ამასთან, თუ ეს არ მოხერხდა, მათ დროულად უნდა მონახონ შემცვლელი.

ამ შემთხვევისთვის, გერმანულ გუნდს რამდენიმე ვარიანტი აქვს. ყველაზე მარტივი იქნება „უილიამსიდან“ ახალგაზრდა პერსპექტიული ჯორჯ რასელის გამოწვევა, რომელიც „მერსედესის“ პილოტია და სტაჟირებას ბრიტანულ გუნდში გადის. მაგრამ თუ გუნდი სხვა პილოტის მოწვევას გადაწყვეტს, ეს სწრაფად უნდა გააკეთოს. სწორედ ამიტომ ესაჭიროება ჰამილტონთან კონტრაქტის რაც შეიძლება მალე გაგრძელება.

მსგავსი სიტუაციაა ფეტელთან დაკავშირებითაც. „ფერარი“ მას ერთწლიან კონტრაქტს სთავაზობს და მზადაა, ის ორ სეზონამდე გაზარდოს. ოღონდ, გერმანელი პილოტისგან სწრაფ პასუხი ესაჭიროება. და ამ დაჩქარებას ის ფაქტორი განაპირობებს, რომ იმ პილოტებს, რომლებმაც შესაძლოა ფეტელის ადგილის დაკავება შესთავაზონ, თავიანთ გუნდებთან აქვთ მოლაპარაკება და წინასწარ უნდა იცოდნენ საკუთარი პერსპექტივები.

კანდიდატურებს შორის, დანიელ რიკარდო და კარლოს საინსი განიხილებიან. ორივე შესაბამისად, „რენოსთან“ და „მაკლარენთან“ კონტრაქტის გაგრძელებაზე ფიქრობს. ამიტომ თუ მარანელოელები შეთავაზებას დააგვიანებენ, მათთვის ეს ორი პილოტი მიუწვდომელი დარჩება. თავის მხრივ, რიკარდომაც და საინსმაც უნდა იცოდნენ, რა პერსპექტივა შეიძლება ელოდეთ „ფერარისგან“. სწორედ ამიტომ, „ფერარის“ ფეტელისგან დროული პასუხის მიღება სურს...

0.130078