კალათბურთი

17:45 | 16.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

სტუდენტურ ლიგაში სტუ-მ, სამედიცინომ და ილიაუნიმ გამარჯვებები მოიპოვეს

გრძელდება სტუდენტური ლიგის გათამაშება, რომლის ორგანიზატორიც საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციასთან ერთად საქართველოს კალათურთის ეროვნული ფედერაციაც გახლავთ. მეორე სეზონია, საუნივერსიტეტო ლიგა ახალი დებულებით მიმდინარეობს. სეზონის გამარჯვებული გუნდი “ა” ლიგის საგზურს იღებს, რითაც პროფესიულ კალათბურთში ტრანსფორმირდება.

15 თებერვალს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სტუდენტური ლიგის 3 მატჩი გაიმართა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა 116:65 (სტატისტიკა) გაანადგურა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი. ტექნიკოსების უპირატესობა უდიდესი იყო და ლევან ტყეშელაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა იოლი გამარჯვება მოიპოვა, რითაც ლიდერობა განიმტკიცა. 5-დან 5 გამარჯვებით სტუ ლიგის ერთპიროვნული ლიდერია.

მეორე მატჩი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. სამედიცინო და ტექნიკური უნივერსიტეტების გუნდებმა, რომლებსაც მიმდინარე სეზონში გამარჯვება არ ჰქონდათ მოპოვებული, ერთმანეთში სწრაფი და თანაბარი თამაში გააჩაღეს, რომელიც მედიკოსთა 4-ქულიანი გამარჯვებით – 70:66 (სტატისტიკა) დასრულდა.

დღის მესამე მატჩი ყველაზე საინტერესო გამოდგა. ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი ილიაუნი გრიგოლ თავართქილაძის უნივერსიტეტს შეხვდა და 69:61 (სტატისტიკა) დაამარცხა. მატჩის დასაწყისში უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვა ილიაუნის მოთამაშეებს – ნიკა ყირიმელს და ვასილ მჭედლიშვილს, რომლებიც სათამაშო ეპიზოდში ერთმანეთს თავებით შეეჯახნენ. ვერც ერთმა თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო და მიუხედავად წამყვანი მოთამაშეების გამოკლებისა, ილიაუნიმ მაინც მოახერხა გამარჯვების მოპოვება.

შეგახსენებთ, რომ სტუდენტურ ლიგაში 7 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც საუკეთესო ოთხეულში მოსახვედრად იბრძვიან. 4 გუნდი ნახევარფინალიდან გააგრძელებენ ჩემპიონობისა და შესაბამისად, “ა” ლიგის საგზურისთვის ბრძოლას.

gbf.ge

0.140056