ჩოგბურთი

20:35 | 25.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრალიის ღია ჩემპიონატი: ნადალმა იოლად მოიგო, კირიოსმა დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა

ავსტრალიის ღია ჩემპიონატზე მესამე წრის დარჩენილი მატჩები გაიმართა. მსოფლიო ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა პაბლო კარენო-ბუსტა 6:1, 6:2, 6:3 დაამარცხა. მალიორკელმა დამაჯერებლად ითამაშა და მეტოქეზე ორჯერ მეტი ვინერსი შეასრულა - 42:21. ასევე, დღევანდელ შეხვედრაში რაფამ უნებლიე შეცდომა შვიდჯერ დაუშვა, ხოლო ორმაგი შეცდომა ჩაწოდების დროს საერთოდ არ ჰქონია.

მერვედფინალში რაფაელ ნადალი ნიკ კირიოსს შეხვდება, რომელმაც ხუთსეტიან ბრძოლაში კარენ ხაჩანოვი 6:2, 7:6, 6:7, 6:7, 7:6 დაამარცხა. ბოლო სეტის ტაი ბრეიკზე ავსტრალიელი კი დაწინაურდა 3:0, მაგრამ შემდეგ მაინც გაუჭირდა, მეცხრე გათამაშებაზე რუსი დაწინაურდა (5:4) და მე-15 გათამაშების დროსაც წინ იყო (8:7), თუმცა საბოლოოდ ორი ჩაწოდება დათმო და ნიკმა თავის მოწოდებაზე მატჩი მოიგო. 4 საათის და 24 წუთის განმავლობაში კირიოსმა 33 ეისი შეასრულა, ხოლო კარენმა - 21. ორმაგი შეცდომებით ორივემ თანაბრად დაკარგეს ქულები - 4:5. რაც შეეხება ვინერსს ავსტრალიელმა გათამაშებიდან სუფთად 97 ქულა მოიგო, ხოლო რუსმა - 75. უნებლიე შეცდომებს კარენი უფრო ნაკლებად უშვებდა - 44:57, თუმცა ავსტრალიელმა გამარჯვება მაინც გათამაშებებზე ზუსტმა დარტყმებმა მოუტანა.

ხაჩანოვისგან განსხვავებით დანილ მედვედევს იოლი მეტოქე ყავდა და ავსტრალიელი ალექსეი პოპირინი 6:4, 6:3, 6:2 დაამარცხა. ავსტრალიელმა რუსს ფაქტობრივად ყველა დადებით და უარყოფით კომპონენტში აჯობა, ეისებში ანგარიში 8:6 დაფიქსირდა, ორმაგ შეცდომებში - 7:3, ვინერსში - 28:26, ხოლო უნებლიე შეცდომებში 44:19. ამ უკანასკნელმა კომპონენტმა პოპირინის წაგებაში დიდი წვლილი შეიტანა. მერვედფინალში მსოფლიოს ნომერ მეოთხე ჩოგბურთელი მედვედევი სტან ვავრინკას შეხვდება, რომელიც ჯონ იზნერთან დაპირისპპირებაში გამარჯვებულად გამოცხადდა, რადგან პირველი სეტის შემდეგ ამერიკელი ტრავმის გამო ტურნირს გამოეთიშა.

მსოფლიოს მეხუთე ნომერმა დომინიკ ტიმმა ტეილორ ფრიცი დაამარცხა (6:2, 6:4, 6:7, 6:4) და მერვედფინალში გაელ მონფისს შეხვდება, რომელმაც გამოცდილ, თუმცა ამ დროისთვის მსოფლიოს 256-ე ჩოგანს ერნესტს გულბისს 7:6, 6:4, 6:3 მოუგო. ნიკოლოზ ბასილაშვილის დამმარცხებელი ფერნანდო ვერდასკო კი მსოფლიოს მეშვიდე ნომერ ალექსანდრ ზვერევთან იოლად 2:6, 2:6, 4:6 დამარცხდა. წარმოშობით რუსს მერვედფინალში ასევე რუსი ანდრეი რუბლიოვი შეხვდება, რომელმაც დავიდ გოფინი გამოთიშა ტურნირს - 6:2, 7:6, 4:6, 7:6. ანდრეის წარმატებული პერიოდი უდგას, რადგან ზედიზედ მე-11 თამაში მოიგო. ავსტრალიის ღია ჩემპიონატამდე რუბლიოვმა დოჰას და ადელაიდას ტურნირებზე იმარჯვა.

ხვალ მერვედფინალური ეტაპის ოთხი მატჩი გაიმართება. პირველი შეხვედრა რაონიჩსა და ჩილიჩს შორის დაიწყება, შემდეგ მსოფლიოს მეორე ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩი ცენტრალურ კორტზე დიეგო შვარცმანს შეხვდება. აღნიშნული მატჩების შემდეგ კორტზე ტენის სანდგრენი და ფაბიო ფონინი გავლენ, ხოლო საღამოს სესიას მარტონ ფუჩოვიჩის და როჯერ ფედერერის მატჩი დახურავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.147466