ფეხბურთი

3:14 | 20.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს რეკორდები და წინ გაქცეული "იუვენტუსი"

იტალიის სერია A-ში მეორე წრემ აიღო სტარტი და ტურინის „იუვენტუსმა“ უშუალო კონკურენტ მილანის „ინტერთან“ უპირატესობა კიდევ უფრო გაიმყარა. ორი ტურის წინ „იუვე“ და „ინტერი“ თანაბრად იყვნენ, მაგრამ ახლა პიემონტელთა უპირატესობა 4 ქულას შეადგენს. ეგ კი არა, „ლაციოს“ თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და ის უფრო ახლოსაა პოტენციურად „იუვესთან“, რადგან გამოტოვებულ თამაში რომ მოიგოს, ლიდერთან ჩამორჩენა მხოლოდ სამი ქულა იქნება.

„იუვენტუსმა“ დღის დასკვნით შეხვედრაში „პარმას“ უმასპინძლა და ინერვიულა, მაგრამ მოიგო. მოიგო იმიტომ, რომ კრიშტიანუ რონალდუ ჰყავს. პორტუგალიელმა ტაიმის მიწურულს გახსნა ანგარიში, რასაც სტუმრებმა მეორე ნახევარის სტარტზე უპასუხეს, მაგრამ სამ წუთში რონალდუმ დუბლი გაიფორმა და როგორც შემდგომ გაირკვა, საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. კრიშტიანუმ სერია A-ს ზედიზედ 7 შეხვედრაში შეძლო გატანა, რაც ბოლოს „იუვეს“ ფეხბურთელთაგან 2005 წელს დავიდ ტრეზეგეს მოეხერხებინა. ამასთან, რონალდო 1960 წლისა და ომარ სივორის შემდეგ პირველი „იუვენტუსის“ ფეხბურთელია, რომელსაც იტალიის ჩემპიონატში 20 ტურის თავზე 16 გოლი აქვს გატანილი. ეს ყველაფერი არაა, მიმდინარე სეზონში როგორც უკვე ვთქვით 16 გოლი გაიტანა და ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც ბოლო 14 სეზონში მიჯრით მინიმუმ 15 გოლის გატანა მოახერხა შიდა ჩემპიონატების ეგიდით. საერთოდ კი, ბოლო 7 ტურში მე-11 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში ჩირო იმმობილეს უდგას, თუმცა, „ლაციოს“ ფორვარდი იმდენად მაგრად ირჯება, რომ ძალიან კარგ უპირატესობას ფლობს. უპირატესობას „იუვეც“ დაეუფლა, რომელიც „ინტერს“ ოთხი, „ლაციოს“ ექვსი ქულით უსწრებს. უბრალოდ, რომაელებს თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. ცხადია, მთავარი ბრძოლები წინაა.

სანამ „იუვენტუსი“ მოიგებდა, იქამდე ზედიზედ მეორედ დაკარგა ქულები „ინტერმა“. ანტონიო კონტე მშობლიურ ქალაქში, ლეჩეში ჩავიდა, სადაც ტიფოზები ძალიან ცივად, უხეშად დახვდნენ და ტრიბუნებზე ბანერიც გადმოფინეს: „ანტონიო კონტე არის ადამიანი იდენტობის გარეშე. შენ ჩვენი ქალაქის განავალი ხარ!“ საქმე ისაა, რომ კონტემ საფეხბურთო კარიერა ლეჩეში დაიწყო, იქ დაიბადა, მაგრამ სამწვრთნელო კარიერის დასაწყიში „ბარიში“ იმუშავა, რომელიც „ლეჩეს“ მთავარი საძულველი მეტოქეა. მოკლედ, იმთავითვე ცხადი იყო, რომ მილანურ გრანდს რთული ბრძოლა ელოდა და ასეც მოხდა. ანგარიში 71-ე წუთზე სტუმრება, ალესანდრო ბასტონის თავურით გახსნეს და გამარჯვებას მიუახლოვდნენ, მაგრამ 6 წუთში მანკოსუმ წონასწორობა აღადგინა და ფრე დაფიქსირდა. ამრიგად, „ინტერმა“ ბოლო ორ ტურში მხოლოდ ორი ქულა მოიპოვა და უკვე ანერვიულდა, რადგან „იუვენტუსის“ წინ გაშვება რომ არ შეიძლება, ეს ძალიან კარგად იცის.

წარუმატებელი მატჩების მერე, როგორც იქნა მოიგო „რომამ“ და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს. პაულუ ფონსეკას გუნდმა გენუაში, გასავარდნ ზონაში მყოფ „ჯენოას“ ადვილად 3:1 მოუგო და ხასიათი ერთი-ორად გამოიკეთა.

დიდი ამბები იყო „სან სიროზე“, სადაც „მილანმა“ „უდინეზეს“ გამარჯვება ბოლო წამზე გამოგლიჯა ხელიდან. უდინელები მეექვსე წუთზე ლარსენის გოლით დაწინაურდნენ, რომელიც ჯანლუიჯი დონარუმას მიუტევებელ შეცდომას მოჰყვა. თუმცა, მოვლენებს წინა გავუსწრებთ და გეტყვით, რომ ნიჭიერმა მეკარემ მეორე ტაიმში თავისი შეცდომაარაერთი რთული სეივით გამოისყიდა.

პირველი ტაიმი „უდინეზემ“ მოიგო, ხოლო მეორე ტაიმის სტარტიდან მოედანზე ანტე რებიჩი გამოდგა, რომელიც გმირი იყო. ხორვატს სამი წუთი დასჭირდა გასათანაბრებლად, ხოლო შემდეგ ტეო ერნანდესმა გაიტანა. ფრანგი მცველი მოედანს უგოლოდ არ ტოვებს და უკვე 5 გოლი დაუგროვდა ჩემპიონატში, უშუალოდ სეზონში ექვსი, რაც მართლაც შესანიშნავი შედეგია. თუმცა, 85-ე წუთზე სტუმრებმა გაათანაბრეს, თავი კევინ ლაზანიამ გამოიჩინა. მსაჯმა 3 წუთი დაამატა და ეს დროც იწურებოდა, რებიჩმა რამდენიმე მცველის გარემოცვაში დარტყმა და გატანა რომ მოახერხა - სტადიონი აფეთქდა! „მილანმა“ 3:2 მოიგო და უკვე მეშვიდე პოზიციაზე გადაინაცვლა, ამ გუნდში ბოლო ხანს სასიკეთო ძვრები შეინიშნება, ყოველშემთხვევაში, 2020 წელს დაუმარცხებელია და ზლატანის გამოჩენამაც ეფექტი აშკარად მოახდინა.

დღის კიდევ ორი მატჩი ფრედ დასრულდა, „ბოლონია“ „ვერონას“ და „ბრეშა“ „კალიარის“ დაუზავდა. მარიო ბალოტელი მოედანზე 74-ე წუთზე გამოჩნდა „ბრეშას“ რიგებში და 7 წუთში გასახდელში შესვლა მოუწია, რადგან გააძევეს. მეოცე ტური კი, ორშაბათს, „ატალანტასა“ და „სპალის“ შეხვედრით დასრულდება.

„იუვენტუსი“ – „პარმა“ 2:1 (1:0)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-3-1-2): შჩესნი; კუადრადო, დე ლიხტი, ბონუჩი, ალექს სანდრო (დანილო 21); რაბიო, პიანიჩი, მატუიდი; რემზი (იგუაინი 59); დიბალა (დუგლას კოშტა 81), რონალდუ

მწვრთნელი: მაურიციო სარი

„პარმა“ (4-3-3): სეპე; დარმიანი, იაკოპონი, ბრუნო ალვეში, გალიოლო; კუცკა, სკოცარელა (სპროკატი 66), ერნანი; კულუსევსკი (სილიგარდი 88), ინგლეზე (კორნელიუსი 44), კურტიჩი

მწვრთნელი: რობერტო დ’ავერსა

გოლები: 1:0 რონალდუ (43), 1:1 კორნელიუსი (55), 2:1 რონალდუ (58)

გაფრთხილება: კურტიჩი (71)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (6) – 8 (7) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 10:6 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: მარკო დი ბელო

„მილანი“ – „უდინეზე“ 3:2 (0:1)

გოლები: 0:1 ლარსენი (6), 1:1 რებიჩი (48), 2:1 ტეო ერნანდესი (71), 2:2 ლაზანია (86), 3:2 რებიჩი (90)

„ბოლონია“ – „ვერონა“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ბანი (20), 1:1 ბორინი (81)

„ბრეშა“ – „კალიარი“ 2:2 (1:1)

გოლები: 0:1 ჟოაო პედრო (20), 1:1 ტორეგროსა (27), 2:1 ტორეგროსა (49), 2:2 ჟოაო პედრო (68, პენ)

„ლეჩე“ – „ინტერი“ 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 ბასტონი (71), 1:1 მანკოსუ (77)

„ჯენოა“ – „რომა“ 1:3 (1:2)

გოლები: 0:1 ჯენგიზ იუნდერი (5), 0:2 ბირასკი (44, ა.გ), 1:2 პანდევი (45), 1:3 ჯეკო (74)

თეგებისერია A
0.112826