სხვა

20:05 | 14.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ისტორიული გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე: საქართველომ საფრანგეთი დაამარცხა!

საქართველოს ნაკრებმა ბუდაპეშტში წყალბურთის 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი ფანტასტიკურად დაიწყო და პირველივე ტურში საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა! რევაზ ჩომახიძის გუნდმა მართლაც დიდებულად ითამაშა და ძლიერი მეტოქე დამსახურებულად დაამარცხა.

შეხვედრა ქართველმა წყალბურთელებმა იდეალურად დაიწყეს და ფრანგებს ფაბიო ბარალდიმ და ანდრო ბითაძემ ორი უპასუხო გოლი გაუტანეს. შემდგომ თამაშის ჩარხი საფრანგეთის მხარეზე გადავიდა და პირველი პერიოდი მეტოქემ მაინც მოიგო - 3:2.

სამაგიეროდ, ამის შემდეგ საქართველოს ნაკრები ანგარიშში აღარ ჩამორჩენილა. მეორე პერიოდი ჩომახიძის შეგირდებმა ანალოგიურად, 3:2 მოიგეს და პირველი ტაიმი ფრედ, 5:5 დასრულდა. დიდი შესვენების შემდეგ კი, ქართველებმა მეტოქეს აჯობეს. მესამე და მეოთხე პერიოდში საქართველოს ნაკრებმა ერთნაირი ანგარიშით, 2:1 მოიგო და საბოლოო ჯამში 9:7 იმარჯვა.

ეს იმას ნიშნავს, რომ საუკეთესო 12-გუნდში მოსახვედრად დიდი ნაბიჯი გადაიდგა. გარდა ამისა, ისტორიული გამარჯვებაცაა, რადგან საფრანგეთს საქართველო აქამდე სამჯერ ჰყავდა დამარცხებული, მაგრამ ნავსი გატყდა.

მომდევნო მატჩს რევაზ ჩომახიძის გუნდი 16 იანვარს, საბერძნეთის ნაკრებთან გამართავს. იქამდე, D ჯგუფში პირველი ტური დღეს დასრულდება, ბერძნებისა და იტალიელების დაპირისპირებით.

საფრანგეთი - საქართველო 7:9 (3:2, 2:3, 1:2, 1:2)

გოლები: 0:1 ბარალდი (06:09), 0:2 ბითაძე (05:14), 1:2 იზდინსკი (04:52), 2:2 მარზუკი (02:33), 3:2 იზდინსკი (01:33), 3:3 ვაპენსკი (05:54), 4:3 ტ. ვერნო (02:01), 4:4 ჯახაია (01:36), 4:5 ბაღათურია (01:03), 5:5 კრუსილატი (00:34), 5:6 ვაპენსკი (01:16), 6:6 რ. ვერნო (00:48), 6:7 მაგრაქველიძე (00:14), 7:7 ტ. ვერნო (06:47), 7:8 იმნაიშვილი (06:08), 7:9 ვაპენსკი (პენ, 05:24)

საფრანგეთი: გარსო, სოდადირი, რ. ვერნო, ტ. ვერნო, ხაშჟი, კალინიჩი, კრუსილატი, იზდინსკი, მარზუკი, კანონე, ვანპეპრსტატი, კამარასა, ფონტანი

საქართველო: შუბლაძე, ქავთარაძე, ცრეპულია, იმნაიშვილი, ბითაძე, ელაჩა, ჯახაია, ბაღათურია, რურუა, მაგრაქველიძე, ბარალდი, ვაპენსკი, რაზმაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114882