ფეხბურთი

2:46 | 7.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"იუვე" და "ინტერი" უერთმანეთოდ ვერ ძლებენ

ახალი წელი დაიწყო, მაგრამ სერია A-ში სურათი უცვლელია: „იუვენტუსი“ და „ინტერი“ ერთმანეთს მარტო არ ტოვებენ.

მე-18 ტურის ცენტრალურ მატჩში ანტონიო კონტეს „ინტერი“ ნეაპოლში, „ნაპოლის“ ესტუმრა. „აძური“ მიმდინარე სეზონში სერიოზულ გასაჭირშია და „ნერაძურის“ გამარჯვება მოსალოდნელიც იყო, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ „ინტერს“ „სან პაოლოზე“ 1997 წლის შემდეგ არ ჰქონდა მოგებული, მართლაც შექებას იმსახურებს ლომბარდიული გრანდი.

პირველ ტაიმში უბრალოდ შეუჩერებელი იყო რომელუ ლუკაკუ. ბელგიელმა დუბლი გაიფორმა და თუ პირველი მართლაც შესანიშნავი გამოუვიდა, მეორეში ნეაპოლელთა ნიჭიერი კარის დარაჯი ალექს მერეტი აშკარად დაეხმარა უხეში შეცდომით. ასე იყო თუ ისე, „ინტერი“ კომფორტული უპირატესობით გაიჭრა წინ. ანტრაქტამდე „ნაპოლიმ“ თამაშში დაბრუნება არკადიუშ მილიკის გოლით მოახერხა და მასპინძლებს მატჩის გადარჩენის იმედიც გაუღვივდათ, მაგრამ ამაოდ. ნეაპოლელები ძალიან ბევრს სცოდავდნენ და ამჯერად კოსტას მანოლასი გაისარჯა უნიათოდ, ლაუტარო მარტინესმა კი, ბერძენის საჩუქარი შეიშნო - 1:3. „ინტერმა“ 45 ქულას მოუყარა თავი და „იუვენტუსს“ გაუთანაბრდა, რადგან ტურინელებმა მანამდე იმარჯვეს და რამდენიმე საათი ერთპიროვნული ლიდერის პოზიციაში იყვნენ.

მაურიციო სარის გუნდმა შინ „კალიარი“ დაჯაბნა. უგოლო და უფერული ტაიმის შემდეგ „იუვენტუსმა“ სარდინიელები აშკარად დაჩაგრა. შეუჩერებელი იყო კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა და პირველი პორტუგალიელი გახდა, რომელმაც იტალიის ჩემპიონატში ეს გააკეთა. რონალდუმ საგოლე პასიც მიითვალა და გონსალო იგუაინს დაეხმარა გატანაში. მოკლედ, კრიშტიანუმ 2020 წელი მაჟორულ ნოტაზე დაიწყო და ვნახოთ როგორ გააგრძელებს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაბრუნდა. შვედმა გენუის „სამპდორიასთან“ 55-ე წუთიდან ითამაშა, მაგრამ ჩვეულად ვერ ირჯებოდა. სამაგიეროდ, უკვე ჩეულად გაისარჯა მისი გუნდი, „მილანი“, რომელმაც გენუის „სამპდორიას“ საკუთარ მრავლის მნახველ არენაზე ვერაფერი დააკლო და უგოლო ფრეს დასჯერდა, რაც ცხადია ისედაც მძიმე დღეში მყოფი ლომბარდიული გრანდისთვის არაფერი ნუგეშია.

2019 წელი „მილანთან“ 5:0 გამარჯვებით დაასრულა ბერგამოს „ატალანტამ“ და 2020 წელიც ანალოგიურად დაიწყო. ოღონდ, ამჯერად „პარმა“ დაარბია. ჯამპიერო გასპერინის გუნდს თამაში თუ წაუვიდა, დანდობა ნამდვილად არ გამოსდის და უკვე მერამდენედ დაამტკიცა. ამასობაში ბერგამოელები ოთხეულს მიუახლოვდნენ და პირველ წრეს მილანში, „ინტერთან“ ურთულესი საგარეო თამაშით დაასრულებენ.

ჯუზეპე იაკინი ახლოს იყო „ფიორენტინაში“ წარმატებულ დებიუტთან და მისი გუნდი მსაჯის მეოთხე კომპენსირებულ წუთამდე სტუმრად „ბოლონიას“ ამარცხებდა, მაგრამ რიკარდო ორსოლინის ეშმაკური საჯარიმო დარტყმით გუნდებმა ქულები გაინაწილეს. „უდინეზემ“ კი, „ვია დელ მარეზე“ „ლეჩეს“ აჯობა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქულები მიითვალა.

„ბოლონია“ – „ფიორენტინა“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ბენასი (27), 1:1 ორსოლინი (90)

„მილანი“ – „სამპდორია“ 0:0 (0:0)

„ატალანტა“ – „პარმა“ 5:0 (3:0)

გოლები: 1:0 გომესი (11), 2:0 ფროილერი (34), 3:0 გოსენსი (43), 4:0 ილიჩიჩი (60), 5:0 ილიჩიჩი (71)

„იუვენტუსი“ – „კალიარი“ 4:0 (0:0)

გოლები: 1:0 რონალდუ (49), 2:0 რონალდუ (67, პენ), 3:0 იგუაინი (81), 4:0 რონალდუ (82)

„ლეჩე“ – „უდინეზე“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 დე პაული (88)

„ნაპოლი“ – „ინტერი“ 1:3 (1:2)

გოლები: 0:1 ლუკაკუ (14), 0:2 ლუკაკუ (33), 1:2 მილიკი (39), 1:3 ლაუტარო მარტინესი (62)

თეგებისერია A
0.186555