ფეხბურთი

15:05 | 23.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

კახა ჩხეტიანი: "დინამოში" ყველა პოზიციაზე ჯანსაღი კონკურენცია უნდა იყოს"
"როინ კვასხვაძის მიმართ ინტერესი გვაქვს"

"დინამო თბილისის" მთავარ მწვრთნელად კახა ჩხეტიანი დაინიშნა და 41 წლის სპეციალისტმა დედაქალაქური კლუბის მესაჭის რანგში პირველი კომენტარი გააკეთა. ქართველი სპეციალისტის განცხადებით, "დინამო" ფეხბურთელების არსებულ ბირთვს შეინარჩუნებს და გაძლიერებასაც ეცდება, რადგან სურს, რომ "დინამოში" თითოეულ პოზიციაზე ჯანსაღი კონკურენცია იყოს.

„დიდი მადლობა კლუბის ხელმძღვანელობას ნდობისთვის. რაც შეეხება კითხვას, რა თქმა უნდა, „დინამოს“ აკადემია გამორჩეულია და გაგრძელდება შევსების მიღება. სამწუხაროდ, ქუთაისში აკადემიის კუთხით ბავშვებს განვითარების შანსი ნაკლებად ჰქონდათ. აქ სხვა სიტუაციაა და უნდა დავანახოთ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომ განვითარების შანსი აქვთ. აკადემიაში არიან ნიჭიერი ბავშვები, რომელთა დაწინაურებაც მოხდება, დიდი იმედი მაქვს, რომ „დინამოს“ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ.

ლეგიონერების ჩამოყვანა? იაფად ფეხბურთელების ჩამოყვანა შეიძლება, მაგრამ ასეთი ფეხბურთელები „დინამოს“ ვერ გააძლიერებენ. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ისეთი მოთამაშეები ჩამოვიყვანოთ, რომლებიც როგორც საქართველოს ჩემპიონატში, ისე ევროტურნირებზე „დინამოს“ გამოადგებიან. უნდა ვიჩქაროთ, მიუხედავად იმისა, რომ დრო გვაქვს. სელექცია მთელი წლის განმავლობაში უნდა მიმდინარეობდეს.

ძირითადი ბირთვი რა თქმა უნდა, შენარჩუნებული იქნება. თუმცა, ახალი ფეხბურთელებიც მოვლენ, რადგან გაძლიერება აუცილებელია, ვეცდებით, რომ ყველა პოზიციაზე იყოს ჯანსაღი კონკურენცია, რადგან კონკურენცია გუნდში ძალიან მნიშვნელოვანია.

დიახ, როინ კვასხვაძეზე არის საუბარი, მაგრამ გადაწყვეტილება თვითონ უნდა მიიღოს. ზოგადად, "ტორპედოდან" ფეხბურთელების წაყვანა არ მსურს, მაგრამ როინთან ვისაუბრე და გუნდის დატოვება უნდა. ამიტომ, უცხოეთში წასვლას, მირჩევნია ჩვენთან მოვიდეს. რაც შეეხება თორნიკე კაპანაძეს, მასთან ამ საკითხზე არ მისაუბრია. აზაცკი? კარგი ფეხბურთელია, თუმცა მასაც არ შევხმიანებივარ, ვიცი, რომ ოპერაცია გაიკეთა. მინდა აღვნიშნო, რომ იმ ფეხბურთელების, რომლებიც გუნდში არიან, მეიმედება. რაც შეეხება ნინუას, ვეცდებით კარგი წინადადება შევუქმნათ, რომ "დინამოში" დარჩეს", - აღნიშნა ჩხეტიანმა.

შეგახსენებთ, კახა ჩხეტიანი "დინამოს" მომდევნო ორი წლის განმავლობაში გაწვრთნის. 41 წლის მწვრთნელი აქამდე ქუთაისის "ტორპედოში" მუშაობდა.

0.112561