ფეხბურთი

3:49 | 16.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მილანის" უფერული იუბილე და ორხელისუფლიანობა სერია A-ში

იტალიის სერია A-ს XVI ტურში „ინტერმა“ ლიდერის პოზიცია დაკარგა და სატურნირო ცხრილში ორხელისუფლიანობა დამყარდა.

დღის დასკვნით შეხვედრა ანტონიო კონტეს გუნდი ფლორენციის „ფიორენტინას“ ესტუმრა. „ნერაძური“ ბორხა ვალეროს გოლით მალევე დაწინაურდა და მერეც არაერთხელ შეეძლო გატანა. მილანელებმა არაერთი საგოლე შანსი ქარს გაატანეს, რისთვისაც მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დაისაჯეს. „იების“ კონტრშეტევა ვლაოვიჩის შესანიშნავი გარჯით და დარტყმით დასრულდა - 1:1.

შედეგად, „ინტერმა“ „იუვენტუსთან“ ის ორქულიანი უპირატესობა, რომელიც ერთი კვირის წინ მოიპოვა, დაკარგა და ახლა კალჩოს ტურინელებთან ერთად დაჰყურებს. სხვათა შორის, უკმატოფილო იყო ანტონიო კონტე, რომელმაც ბოლო სამი მატჩი გაიხსენა („რომა“, „ბარსელონა“ და „ფიორენტინა) და აღნიშნა,რომ ბევრი საგოლე მომენტები შევქმენით, ორ ქულაზე მეტს ვიმსახურებდით ამ სამ თამაშშიო.

სანამ „ინტერი“ „არტემიო ფრანკიზე“ წაბორძიკდებოდა, იქამდე „იუვენტუსმა“ როგორც იქნა ის ფეხბურთი ითამაშა, რასაც მისგან ელიან. „უდინეზე“ საზომად ვერ გამოდგება, მაგრამ მაურიციო სარის გუნდმა მართლაც გაწონასწორებული, კარგი თამაში აჩვენა. სხვათა შორის, რონალდუ-დიბალა-იგუაინის ტრიო სარიმ პირველად გაამწესა ძირითად შემადგენლობაში და როგორც ნამატჩევს Gazzetta Dello Sport-მა დაწერა, ეს ტრიო სარისთვის კი არა, მეტოქეებისთვისაა პრობლემა. მართლაც ასეა, „იუვემ“ მეტოქის კართან არაერთი საგოლე მომენტი შექმნა და სამჯერ გაიტანა კიდეც პირველივე ტაიმში. ორჯერ რონალდუმ, ერთხელ ბონუჩიმ. გეტყვით, რომ ტურინელებმა პირველ ნახევარში სამი გოლი 2018 წლის თებერვლის შემდეგ პირველად გაიტანეს. ამასთან, კრიშტიანუმ „იუვენტუსში“ თამაშის პერიოდში პირველად მოახერხა მეტოქის კარის აღება ზედიზედ 4 შეხვედრაში (5 გოლი ჯამში). იმავე რონალდუს სეზონში 11 გოლი დაუგროვდა (ყველა ტურნირის ჩათვლით) და ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ბოლო 15 სეზონში მინიმუმ 10 გოლი მიიითვალა. „იუვენტუსმა“ ბოლოსკენ ერთი გოლი კი გაუშვა, მაგრამ მთლიანობაში ლაღად და ადვილად მოიგო. „ბებერმა ქალბატონმა“ სერია A-ში ორმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა, 39 ქულა დააგროვა და „ინტერთან“ ერთად თანალიდერია. ურთიერთშეხვედრების უპირატესობას თუ გავითვალისწინებთ, საერთოდაც ლიდერია.

დიდი ზეიმი იყო მილანში „სან სიროზე“, სადაც „მილანმა“ 120 წლის იუბილე აღნიშნა და თამაშზე ლეგენდების მიიწვიეს. თუმცა, რა ეზეიმება „როსონერის“ ძნელი სათქმელია. მართალია, სტეფანო პიოლის გუნდი „სასუოლოსთან“ უპირატესობას ფლობდა, ორჯერ ბურთი ძელსაც მოხვდა და სტუმართა კიპერ ჯანლუკა პეგოლოც გაუვალი იყო, მაგრამ ფაქტი სახეზეა - უგოლო ფრე. ეს კი, „მილანს“ მშვიდად ყოფნის საბაბს და კმაყოფილების უფლებას სულაც არ უტოვებს. ლომბარდიული გრანდი სატურნირო ცხრილის შუაშია გაჭედილი და გამოსავალიც არსაიდან ჩანს.

სამაგიეროდ, „რომა“ ჩინებულად გამოიყურება და მორიგი გამარჯვება მიითვალა. მართალია, პაულუ ფონსეკას გუნდმა ბოლოადგილოსან „სპალთან“ ტაიმი მშრალი ანგარიშით წააგო, მაგრამ ნაანტრაქტევს ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა - 3:1. „ჯალოროსი“ ამ დროისთვის ოთხეულშია და ასე თუ გააგრძელებს, წესით ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება უნდა მოახერხოს.

საოცარი მატჩი შედგა „სტადიო მარკ-ანტონიო ბენტეგოდიზე“, სადაც „ვერონამ“ „ტორინოს“ უმასპინძლა. ვალტერ მაძარის გუნდი არასტაბილურია და იტალიელ სპეციალისტს ფანებთან მეტისმეტად ცუდი ურთიერთობა აქვს, მაგრამ ამ თამაშის კიდევ უფრო გაცხარდება ყველაფერი. „ტორინო“ სიყვარულის ქალაქში 69-ე წუთამდე სამიბურთიან უპირატესობას (3:0) ფლობდა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. „ვერონამ“ გაათანაბრა და ქულა მოიპოვა! სხვათა შორის, ვერონელებმა ისტორიაში პირველად შეძლეს თამაშის გადარჩენა სერია A-ში, რომელსაც 0:3-ს აგებდნენ.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასვლით ბედნიერმა „ატალანტამ“, როგორც ჩანს ყურადღება მოადუნა და მნიშნელოვანი ქულები გაანიავა. ჯამპიერო გასპერინის გუნდმა სინიშა მიხაილოვიჩის „ბოლონიასთან“ იწვნია მარცხი და ოთხეულს კიდევ უფრო დაშორდა.

მე-16 ტური კი ორშაბათს, მეტად საინტერესო თამაშით დასრულდება. უკვე მიჯრით 13 მატჩში დაუმარცხებელი „კალიარი“ „ლაციოს“ დაუხვდება, რომელსაც თავის მხრივ უკანასკნელი 7 თამაში მოგებული აქვს. ამასთან, სიმონე ინძაგის გუნდს შანსი აქვს, ლიდერებთან ჩამორჩენა მხოლოდ 3 ქულა ჰქონდეს. მეორეს მხრივ, „კალიარი“ იმედოვნებს, რომ ოთხეულში დაბრუნდება. მოკლედ, დამაინტრიგებელი და ძალზე საინტერესო თამაში გველოდება.

„ვერონა“ – „ტორინო“ 3:3 (0:1)

გოლები: 0:1 ანსალდი (36), 0:2 ბერენგერი (55), 0:3 ანსალდი (61), 1:3 პაცინი (69, პენ), 2:3 ვერე (76), 3:3 სტეპინსკი (84)

„მილანი“ – „სასუოლო“ 0:0 (0:0)

„ბოლონია“ – „ატალანტა: 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 პალასიო (12), 2:0 პოლი (53), 2:1 მალინოვსკი (60)

„იუვენტუსი“ – „უდინეზე“ 3:1 (3:0)

გოლები: 1:0 რონალდუ (9), 2:0 რონალდუ (37), 3:0 ბონუჩი (45), 3:1 პუსეტო (90)

„რომა“ – „სპალი“ 3:1 (0:1)

გოლები: 0:1 პეტანია (44, პენ), 1:1 პელეგრინი (53), 2:1 პეროტი (66, პენ), 3:1 მხითარიანი (83)

„ფიორენტინა“ – „ინტერი“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ბორხა ვალერო (8), 1:1 ვლაოვიჩი (90)

თეგებისერია A
0.158612