რაგბი

13:53 | 12.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონერები | ბექა ბიწაძე ‘ბაია მარეში’ ითამაშებს

ბორჯღალოსანმა მესამეხაზელმა ბექა ბიწაძემ რუმინეთის მოქმედ ჩემპიონ და მიმდინარე გათამაშების ლიდერ ‘ბაია მარესთან’ 1,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

28 წლის მორაგბე ამჟამად თბილისშია და ფორმის შესანარჩუნებლად „შევარდენის“ ბაზაზე ინდივიდუალურად ვარჯიშობს, ახალ გუნდს კი 2020 წლის 11 იანვარს შეუერთდება.

„აგენტის მეშვეობით სხვადასხვა კლუბებს ჩემი მონაცემები და თამაშების ვიდეო-ჩანაწერები დავუგზავნე. ყველაზე საინტერესო წინადადება რუმინეთიდან მივიღე, რის შემდეგაც ‘ბაია მარეში’ ჩავედი, რამდენიმე ვარჯიში ჩავატარე და მათთან კონტრაქტი 2021 წლის ივნისამდე გავაფორმე“ - ამბობს ბიწაძე და განაგრძობს:

„შარშან საფრანგეთში, ფედერალ1-ში ვთამაშობდი და ვფიქრობ, რომ რუმინეთის სუპერ-ლიგა მას სიძლიერით აღემატება. ველაპარაკე ბიძინა სამხრაძეს, რომელიც შარშან ‘ბაია მარეს’ კაპიტანი იყო და მან კლუბი კარგად დაახასიათა. პროფესიონალური გუნდია და ჩემს გარდა იქ კიდევ 14 ლეგიონერია. ზოგადად, რუმინეთის ჩემპიონატში ლეგიონერები მრავლად არიან, უმეტესად კუნძულელები. ახალი გუნდი და ახალი ჩემპიონატი ჩემთვის გამოწვევაა და მაქსიმალურად ვეცდები თავი კარგად წარმოვაჩინო“.

‘ბაია მარეს’ სუპერ-ლიგის მიმდინარე სეზონში რვავე მატჩი მოგებული აქვს და სატურნირო ცხრილს 37 ქულით ლიდერობს. ბიწაძის გარდა მის შემადგენლობაში კიდევ ორი ქართველი ლეგიონერია - ბურჯი რევაზ დუგლაძე და ცენტრი ხვიჩა ჯგერენაია. რუმინეთის ჩემპიონატი 4 აპრილს განახლდება.

ბექა ბიწაძეს ბორჯღალოსნებში დებიუტი 2012 წელს ჰქონდა, მას შემდეგ ნაკრების კვართი 29 მატჩში მოირგო და 9 ლელო გაიტანა.

site.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110412