ფეხბურთი

4:31 | 12.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

პირველად ისტორიაში - მხოლოდ ტოპ ქვეყნები ჩემპიონთა ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგაზე ყველა მერვედფინალისტი გამოვლინდა და ერთი საინტერესო შემთხვევაც დაფიქსირდა. 16-ვე გუნდი ტოპ ჩემპიონატებს (ლა ლიგა, პრემიერლიგა, სერია A, ბუნდესლიგა, ლიგა 1) წარმოადგენს.

ნიშანდობლივია, რომ მსგავსი ფაქტი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად დაფიქსირდა და აქამდე არ ყოფილა შემთხვევა, რომ პლეი-ოფის პირველ სტადიაზე (მერვედფინალში) მხოლოდ ბობოლა საფეხბურთო ქვეყნის წარმომადგენლები დარჩენილიყვნენ.

ჯგუფიდან გასვლასთან საკმაოდ ახლოს ამსტერდამის „აიაქსი“ იყო, თუმცა „ვალენსიასთან“ წააგო, იგივე ითქმის „ზენიტზე“, რომელიც „ბენფიკასთან“ დამარცხდა და დონეცკის „შახტარზე“, რომელმაც პლეი-ოფის საგზური „ატალანტასთან“ მარცხით დაკარგა.

ახლა კი, მერვედფინალში ყველაზე მეტი, ოთხ-ოთხი წარმომადგენელი ესპანეთსა („რეალი“, „ბარსელონა“, „ატლეტიკო“, „ვალენსია“) და ინგლისს („ტოტენჰემი“, „ჩელსი“, „მანჩესტერ სიტი“, „ლივერპული“) ჰყავთ. შემდეგ იტალია და გერმანია მოდიან სამ-სამი გუნდით („იუვენტუსი“, „ნაპოლი“, „ატალანტა“ და „ბაიერნი“, „ლაიფციგი“, „დორტმუნდი), ხოლო საფრანგეთიდან მერვედფინალში ორი გუნდი (პსჟ და „ლიონი“) ითამაშებენ.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა, ორშაბათს, 16 დეკემბერს გაიმართება - იხილეთ ვრცლად.

0.114661