ფეხბურთი

3:50 | 7.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

კონტეს "ინტერის" პირველი უგოლო თამაში (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს XV ტური ცენტრალური და გამორჩეული დაპირისპირებით დაიწყო: მილანში, „ინტერმა“, რომელიც გათამაშებას სათავეში წინა ტურში ჩაუდგა, ოთხეულისთვის მებრძოლ „რომას“ უმასპინძლა.

თავიდანვე ვთქვათ, რომ ორივე გუნდი აღნიშნულ დაპირისპირებას სერიოზული საკადრო პრობლემებით შეხვდნენ და რამდენიმე წამყვანი ფიგურა მოისაკლისეს. მათ შორის, „რომას“ ბოლო მომენტში ძირითადი მეკარე პაულო ლოპესი გამოაკლდა და შეიძლება ითქვას, ეს გადამწყვეტიც გამოდგა.

საქმე ისაა, რომ ესპანელის დუბლიორმა ანტონიო მირანტემ ჩინებული მატჩი ჩაატარა, სამჯერ ე.წ მკვდარი ბურთი აიღო და საკუთარი კარი ხელუხლებლად შეინახა. ზოგადად, „ინტერი“ უფრო ახლოს იყო მოგებასთან და რომ არა ვეტერანი იტალიელი კიპერი უცილობლივ გაიტანდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მილანელებს არც ისე ბევრი მწვავე მომენტი ჰქონიათ და რაც ჰქონდათ, ყველა რომაელთა მიერ საკუთარ საჯარიმოსთან დაშვებულ უხეშ შეცდომებს მოჰყვა. საპასუხოდ, პაულუ ფონსეკას გუნდმა შეტევაში თავი ვერ გამოიჩინა, მაგრამ შინ უქულოდ არ დაბრუნებულა - 0:0. საინტერესოა, რომ ანტონიო კონტეს მწვრთნელობით „ინტერმა“ პირველი მატჩი ჩაატარა უგოლოდ. აქამდე, „ნერაძური“ 19 შეხვედრაში ყოველთვის ახერხებდა მინიმუმ 1 გოლის გატანას.

შედეგად, „ინტერმა“ „იუვენტუსთან“ სხვაობა ამ დროისთვის 2 ქულამდე კი გაზარდა, მაგრამ შეიძლება ლიდერობა მაინც დაკარგოს, რადგან დღეს ტურინული გრანდი რომში „ლაციოს“ ესტუმრება და გამარჯვების შემთხვევაში დაუბრუნდება პირველ პოზიციას. თუმცა, „ლაციო“ მეტად შესაშურ ფორმაშია, ზედიზედ ექვსი თამაში აქვს მოგებული და რა მოხდება „სტადიო ოლიმპიკოზე“ არავინ იცის.

„ინტერი“ – „რომა“ 0:0 (0:0) VIDEO

მილანი, „ჯუზეპე მეაცა“

მაყურებელი: 67 008

„ინტერი“ (3-5-2): ჰანდანოვიჩი; გოდინი, დე ვრეი, შკრინიარი; კანდრევა (ლაზარო 45), ვესინო, ბორხა ვალერო (ასამოა 72), ბროჟოვიჩი, ბირაგი (დ’ამბროზიო 88); ლუკაკუ, ლაუტარო მარტინესი

მწვრთნელი: ანტონიო კონტე

„რომა“ (4-2-3-1): მირანტე; სანტონი (სპინაცოლა 16), მანჩინი, სმოლინგი, კოლაროვი; დიავარა, ვერეტუ; მხითარიანი (ფლორენცი 89), პელეგრინი, პეროტი (ჯეკო (68); ძანიოლო

მწვრთნელი: პაულუ ფონსეკა

გაფრთხილება: გოდინი (61), ლაზარო (62), ბროჟოვიჩი (80) - მანჩინი (77)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (3) – 3 (2) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 8:3 თამაშგარე: 6:0

მსაჯი: ჯანპაოლო კალვარეზე

თეგებისერია A
0.119431