რაგბი

14:46 | 4.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ლიგა | ლიდერებმა იოლად მოიგეს

პირველი ლიგის მეორე წრე ლიდერთა დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო. პატარძეულში, ‘ვეფხვებმა’ დებიუტანტ ‘დევებს’ 23 უპასუხო ლელო გაუტანეს და „მშრალი ანგარიშით“ 153:0 იმარჯვეს.

პატარძეულს დებიუტანტი მარქაფას გარეშე, 15 კაცის ამარა ეწვია და სეზონის უცუდესი შეხვედრაც ჩაატარა. მასპინძლები მატჩის პირველივე წუთიდან დომინირებდნენ და მარტო პირველ ნახევარში 94 ქულა დააგროვეს, რასაც მეორე ტაიმში ზვიად ცუხიშვილისა და ზურა ამონაშვილის შეგირდებმა კიდევ 59 ქულა წაუმატეს. ‘ვეფხვების’ ერთბაშად სამმა მოთამაშემ: მარბიელმა გიორგი მექვაბიშვილმა, ფულბეკმა კლავდიუს ხუციშვილმა და ფრთა გიორგი ზუკაკიშვილმა ‘პოკერი’ შეასრულეს. ‘კეისარს-კეისრისა’ და კლავდიუს ხუციშვილი 12 ლელოთი, პირველობის შედეგიან მელელოვეთა დავაშიც დაწინაურდა.

‘არესი’-‘ბაგრატის’ რიონისპირული დერბი, ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერის, ‘ომის მრისხანე ღმერთის’ სრული უპირატესობით წარიმართა. სერგო ფრუიძის ბიჭებმა 33 უპასუხო ქულით, მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს. ფავორიტმა მთლიანობაში 11 ლელო გაიტანა, ყველა-ხელდახელ თამაშით და დაგეგმილი პრემიაც უპრობლემოდ აიღო 75:0. ფრთა თეიმურაზ კვიცარიძემ, მღლეტელმა ბექა ვარდანიძემ და შუამარბმა ამირან შვანგირაძემ ‘დუბლი’ შეასრულეს. ‘არესმა’ სეზონში მიჯრით მეათე შეხვედრა მოიგო და მდევარ ‘ვეფხვებს’ კვლავინდებურად 4 ქულით უსწრებს.

‘ტაომ’ მიჯრით მეორე შეხვედრა პრემიით მოიგო, სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიცია გაიმყარა და მოწინავე კვარტეტში მყოფ ‘ყაზბეგთან’ ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა.

ასპინძაში, მესხებმა ‘ივერია ვარკეთილს’ ტაიმებში 5-5 ლელო გაუნაწილეს და პირველობის აუტსაიდერი, პრემიის თანხლებით 66:19 დაამარცხეს. სოლიდური სხვაობით განცდილი მარცხის მიუხედავად, ‘ივერიამ’ ფავორიტს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია, პირველ ნახევარში 3 ლელოც გაუტანა და საათის თავს მალხაზ ჭეიშვილის გუნდის უპირატესობა ანგარიშში მხოლოდ 14 ქულას შეადგენდა. შეხვედრის დასკვნით ნაწილში სტუმრებს დაღლა დაეტყოთ და თან მარქაფას უქონლობამ (‘ივერია’ სამცხე-ჯავახეთს 15 მოთამაშის ამარა ეწვია), გიორგი ბუბუნაურის გუნდს პირველი საცხრილო ქულის აღების შესაძლებლობა ამჯერადაც არ მისცა. ‘ტაოს’ შუამარბმა ლევან ბუცხრიკიძემ ‘ჰეთ თრიკი’ შეასრულა, ხოლო მესხთა მგეზავმა ნიკა ბოლქვაძემ პირად აქტივს ‘დუბლი’ შემატა. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდი უპირატესობას ლაღ, დინამიურ თამაშს ანიჭებდა და მთლიანობაში მეტოქეთა მიერ გატანილი 13 ლელოდან, 12 ლელო ხელდახელ თამაშით იქნა დადებული.

ტურის გამორჩეული შეხვედრა ნავთლუღში გაიმართა. ‘შევარდენზე’, ცხრილში მეზობლად მყოფნი ‘არმია’ და ‘ყაზბეგი’ დაუპირისპირდნენ. ფავორიტებთან მიჯრით მეორე მარცხის მიუხედავად, მოხევეებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს , რომ მათი მოწინავე კვარტეტში ყოფნა დროებითი მოვლენა არ გახლავთ.

მატჩი ‘არმიას’ შეტევებით დაიწყო და ტაიმის შუაწელს, მღლეტელ ბექა გუგეშაშვილისა და შუამარბ ნიკა ხურციძის ლელოთა მეოხებით ‘ჯარი’ 12-ქულიანი უპირატესობით დაწინაურდა. ‘ყაზბეგმა’ ტემპს უმატა, სტატიკაში მდგომარეობა გამოასწორა, ფრთა გელა ელოშვილის ლელოსა და მგეზავ გიორგი ასათიანის გარდასახვა-ჯარიმის წყალობით შესვენების წინ ანგარიშში ჩამორჩენა 2-ქულამდე შეამცირა. მეორე ტაიმის საწყისი 20 წუთიც თანაბარი ბრძოლით აღინიშნა, რის შემდეგ გოჩა ჩქარეულის შეგირდებს დაღლა დაეტყოთ. მოხევეებს ერთი კვირის მანძილზე 2 ფავორიტთან თანაბარი ბრძოლის ფიზიკური რესურსი არ აღმოაჩნდათ. ‘ჯარმა’ მატჩის დასკვნით ნაწილში 3 ლელოს გატანა მოახერხა ( მარბიელი გიორგი ქუთათელაძე; ჰუქერი შალვა კეთილაძე; ჰავბეკი გიორგი ბოხუა) და ‘ლეონსიოს’ ბიჭებმა შეხვედრა საშური პრემიით 31:13 მოიგეს.

განვლილი ტურის შემდეგ ლიდერთა შორის მდგომარეობა უცვლელი დარჩა. სატურნირო ცხრილს ‘არესი’ 48 ქულით უდგას სათავეში და ელიტას საგზურის მოცილე ‘ვეფხვებსა’ და ‘არმიას’ შესაბამისად 4 და 8 ქულით უსწრებს.

მეათე ტურის დასკვნითი შეხვედრა ფოთში გაიმართა. ოზურგეთის ‘არწივები’‘პარკი არენაზე’, ‘დინამოს’ მასპინძლად დაუხვდა. პირველობის სადებიუტო შეხვედრაში განცდილი მარცხისთვის, ქართული რაგბის უხნესმა გუნდმა დამაჯერებელი რევანში აიღო და მატჩი პრემიის თანხლებით 20:3 მოიგო. ‘დინამომ’ ბოლო ხანს თამაშის ხარისხი საგრძნობლად გაუუმჯობესა, რაც გუნდის შედეგებზეც პოზიტიურად აისახა.

‘დინამო’ შეხვედრის პირველივე წუთებიდან აქცენტს სტატიკაზე აკეთებდა და გურულებს შერკინებაში მეთოდურად ჩაგრავდა. პირველ ნახევარში ლევან რამიშვილის გუნდიდან ლელოებით, მღლეტელი თენგიზ ელიკაშვილი და ფრთა თემურ იჩუაიძე გამოირჩნენ. მეორე ტაიმის დასაწყისში, მარქაფადან ჩართული ფულბეკის ბაჩო ჩაჩავას ჯარიმამ შეხვედრას ინტრიგა დროებით დაუბრუნა. ‘დინამო’ ოვალზე კონტროლს და უპირატესობას არ კარგავდა. მოლის მრავალჯერადი ჩაქცევისთვის დაფიქსირებული საჯარიმო ლელოს წყალობით ‘დინამომ’ პრემიაც აიღო და მიჯრით მეოთხე გამარჯვების შედეგად დაგროვილი 19 ქულით ცხრილში მეექვსე ადგილზე დამკვიდრდა.

წლეულს კიდევ 2 ტური გაიმართება. მომდევნო, მე-11 ტურის გამორჩეულ შეხვედრაში, პატარძეულის ‘ვეფხვები’ გარე კახეთში ‘ყაზბეგს’ უმასპინძლებენ.

site.rugby.ge

0.154242