რაგბი

13:49 | 3.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონერები | ასიეშვილისა და ყაულაშვილის ლელოები ტოპ 14-ში

საფრანგეთის პირველ ელიტარულ დივიზიონ ტოპ 14-ის გასულ ტურში ორი ქართული ლელო გავიდა - თავი ლექსო ყაულაშვილმა და კახა ასიეშვილმა გაიტანა.

მე-10 ტურში სულ 14-მა ჩვენებურმა მიიღო მონაწილეობა, ლელოები კი პარიზულ კლუბებთან მატჩებში გავიდა. ინგლისის პრემიერშიფში ითამაშა ზურაბ ჟვანიამ.

ტოპ 14-ის მე-10 ტურში, ქართველების ‘ბრივმა’ პარიზულ ‘სტად ფრანსეს’ უმასპინძლა და ჩელენჯ ქაფის შემდეგ, პრინციპული მეტოქე საფრანგეთის ჩემპიონატშიც დაამარცხა - 26:21. მასპინძელთა მეორე ლელო ბორჯღალოსანი კახა ასიეშვილის ანგარიშზეა, რომელმაც 31-ე წუთზე რაქიდან აიტაცა ბურთი და ძელის გვერდით ლელოს ხაზი გადაკვეთა. მიმდინარე სეზონში ეს ასიეშვილის პირველი ლელოა, სულ კი ტოპ 14-ში მე-11 ლელო გაიტანა.

ქართველმა ბურჯმა თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, შესვენებისას შეცვალეს, თუმცა დასკვნით წუთებში კვლავ მოუწია მოედანზე დაბრუნება. ძირითადში იყო და 50 წუთი ითამაშა შერკინების შემკვრელმა ოთარ გიორგაძემ, ხოლო ვასილ ლობჟანიძე თამაშში 56-ე წუთიდან ჩაერთო. ‘სტად ფრანსეს’ განაცხადში იყო, თუმცა მოედანზე შესვლამ არ მოუწია გიორგი მელიქიძეს.

ტურის კიდევ ერთი ქართული, ძალისმიერი ლელო ლექსო ყაულაშვილის ანგარიშზეა და მანაც პარიზელებს გაუტანა. ‘ბორდო’ ‘რასინგ 92’-ს ეწვია და სტუმრად 34:30 დაამარცხა. ლექსო თამაშში 48-ე წუთიდან ჩაერთო, 57-ეზე რაქიდან თანაგუნდელის დახმარებით შეუტია და ლელოს ხაზი გადაკვეთა. ამ ლელოს შემდეგ ანგარიში 27:27 გახდა, მერე სტუმრებმა კიდევ ერთი ლელო გაიტანეს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს.

‘ბორდოს’ რიგებში 64-ე წუთიდან ითამაშა ბექა გორგაძემ. ორი ქართველი იყო ‘რასინგის’ შემადგენლობაში. ძირითადში თამაში გურამ გოგიჩაშვილმა დაიწყო და ის შესვენებისას ვასილ კაკოვინმა შეცვალა. ყაულაშვილმა ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონში მეორე ლელო გაიტანა და ორივეჯერ პარიზელები დაამწუხრა - სექტემბერში ‘სტად ფრანსე’ და ახლა ‘რასინგი’. სულ საფრანგეთის ჩემპიონატში მას 6 ლელო აქვს გატანილი.

ქართული დუელები გაიმართა ‘კლერმონისა’ და ‘აჟენის’ შეხვედრაში, სადაც შერკინებებში ერთმანეთის პირისპირ დავით ზირაქაშვილი და გიორგი თეთრაშვილი იდგნენ. ორივე ბურჯი ძირითადში იყო და ზირაქაშვილმა 65, ხოლო თეთრაშვილმა 57 წუთი ითამაშა. ‘კლერმონმა’ მეტოქე 30:13 დაამარცხა.

‘ტულონი’ ‘პოს’ ეწვია და 19:9 დაამარცხა, რაშიც წვლილი ორ ჩვენებურს მიუძღვის. ბექა გიგაშვილი თამაშში 58-ე, ხოლო მამუკა გორგოძე 67-ე წუთიდან ჩაერთო.

იოლად და თანაც ბონუსით დაამარცხა ქართველების ‘მონპელიემ’ ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონის ლიდერი ‘ლიონი’ - 33:8. მასპინძელთა ძირითადში ორი ქართველი ბურჯი იყო - ლევან ჩილაჩავამ 57-ე, ხოლო მიხეილ ნარიაშვილმა 66-ე წუთამდე ითამაშა. 66-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე.

ინგლისის პრემიერშიფის მე-5 ტურში ზურაბ ჟვანიას ‘უოსპსი’ ‘ექსეთერს’ ეწვია და 3:38 დამარცხდა. სტუმართა ძირითადში იყო და 58 წუთი ითამაშა ზურაბ ჟვანიამ. მან შერკინებებში მეტოქე რამდენჯერმე დააჯარიმა, ბურთით ხელში 2-ჯერ შეუტია და ჯამში 9 მეტრი მოიგო, ერთხელ თერნოვერი გაახერხა და 8 ბოჭვა შეასრულა.

site.rugby.ge

0.145014