ფეხბურთი

2:59 | 25.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

რომაელთა წარმატებული დღე და შეუდარებელი სმოლინგი

იტალიის სერია A-ს მე-13 ტურის მეორე სათამაშო დღეს გათამაშების ლიდერებს არ უთამაშიათ, რადგან შაბათს გამართეს თავიანთი მატჩები. თუმცა, კალჩოს მოყვარულებს მოსაწყენად საქმე მაინც არ ჰქონიათ.

ჩინებულ ფორმაში არიან რომაული გუნდები, რომლებიც ოთხეულში იკავებენ ადგილს და მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს. „ლაციო“ „სასუოლოს“ ესტუმრა და ჩირო იმმობილეს გოლით იგებდა, რასაც ფრანჩესკო კაპუტომ უპასუხა. მიუხედავად ამისა, სიმონე ინძაგის გუნდმა მნიშვნელოვანი სამი ქულა მაინც მოიპოვა. 90-ე წუთზე ფილიპე კაისოედმ საჯარიმოში დიდებულად იმოქმედა და გამარჯვების გოლი გაიტანა. „ლაციო“ 27 ქულით მესამე ადგილზეა და კვალში „რომა“ უდგას, რომელიც ორი ქულით ჩამორჩება.

პაულუ ფონსეკას გუნდმა ბოლო ადგილზე დალექილ „ბრეშას“ უმასპინძლა და პირველ ტაიმში გაუჭირდა, მაგრამ შესვენების შემდეგ საქმეში კრის სმოლინგი ჩაერთო. ინგლისელ მცველს საოცარი სეზონი აქვს და იტალიაში მეორე სუნთქვა გაეხსნა. სმოლინგმა ჯერ თავად გაიტანა, მერე ჯანლუკა მანჩინისა და ედინ ჯეკოს დაეხმარა გატანაში. კრისი გარდა იმისა, რომ დაცვაში თავის მოვალეობას ჩინებულად ართმევს თავს, შეტევაშიც ნაყოფიერად თამაშობს. სხვათა შორის, სმოლინგი დევიდ ბექჰემის შემდეგ პირველი ინგლისელია, რომელმაც სერია A-ს ერთ სეზონში მინიმუმ ორი გოლი გაიტანა (2008-2009 წლების სეზონში). მოკლედ, „რომა“ ოთხეულშია და მიზანიც ესაა.

კარგი სეზონი აქვს „პარმასაც“ და ემილიელები მორიგ წარმატებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ მსაჯის კომპენსირებულ მეხუთე წუთზე გამარჯვება ხელიდან გაუშვეს. კულუსევსკისა და იაკოპონის გოლები „პარმა“ „ბოლონიას“ მისსავე მოედანზე ამარცხებდა, მაგრამ პალასიომ გაათანაბრა, მერე საბოლოო ანგარიში ბლერიმ დზემაილიმ დააფიქსირა.

არასტაბილურად გარჯას აგრძელებს ფლორენციის „ფიორენტინა“, რომელიც ისევ უქულოდ დარჩა და ამჯერზე „ვერონასთან“ ვერ გააწყო ვერაფერი. თავის მხრივ, ივან იურიჩის გუნდი ახალწვეულის კვალობაზე ფანტასტიკურია და 18 ქულით მერვე პოზიციაზეა.

ჩინებულად მუშაობს „სამპდორიაში“ კლაუდიო რანიერი. გამოცდილი სპეციალისტის მისვლის შემდეგ გენუელებმა 4 მატჩში რვა ქულა მოიპოვეს და დაუმარცხებლები არიან. „სამპამ“ ამჯერად „უდინეზეს“ „ლუიჯი ფერარისზე“ 2:1 აჯობა და გასავარდნი ზონა დატოვა.

„ლეჩესა“ და „კალიარის“ მატჩი ძლიერი წვიმის გამო გადაიდო, მაგრამ ორშაბათს, თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება. ტური კი, დღესვე, აუტსაიდერების, „სპალისა“ და „ჯენოას“ მატჩით დასრულდება.

„ბოლონია“ – „პარმა“ 2:2 (1:1)

გოლები: 0:1 კულუსევსკი (17), 1:1 პალასიო (40), 1:2 იაკოპონი (71), 2:2 დზემაილი (90)

„რომა“ – „ბრეშა“ 3:0 (0:0)

გოლები: 1:0 სმოლინგი (49), 2:0 მანჩინი (57), 3:0 ჯეკო (66)

„ვერონა“ – „ფიორენტინა“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 დი კარმინე (66)

„სასუოლო“ – „ლაციო“ 1:2 (1:1)

გოლები: 0:1 იმმობილე (34), 1:1 კაპუტო (45), 1:2 კაისედო (90)

„სამპდორია“ – „უდინეზე“ 2:1 (1:1)

გოლები: 0:1 ნესტოროვსკი (29), 1:1 გაბიადინი (45), 2:1 რამირესი (75, პენ)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109104