რაგბი

15:24 | 12.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

17წ | „თბილისის მერიის თასი“ ‘ლელო-სარასენსმა’ შემართა

თბილისის ‘ლელო-სარასენსის’ 17-წლამდე 7-კაცა გუნდმა, „თბილისის მერიის თასზე“ ექვსივე შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო და მთავარ პრიზს მესამე ცდით დაეუფლა.

შარშან წინ, როდესაც „თბილისის მერიის თასი“ პირველად გაიმართა 14-წლამდე მორაგბეთა შორის, ‘ლელო-სარასენსს’ ფინალში ‘ხომლმა’ მოუგო; შარშან, 17-წლამდე 7-კაცას ფინალში მას დამატებით დროში ‘ხვამლმა’ აჯობა, ამჯერად კი ფინალში ‘ლოკომოტივს’ სძლია.

‘ლელო-სარასენსი’ ფინალამდე ისე მივიდა, რომ ქულა არ მიუღია. ჯგუფურ ეტაპზე მან ‘ზუგდიდს’ 64:0, ‘ბათუმი U16’-ს 54:0, ხოლო ‘არმაზს’ 49:0 მოუგო. ჯგუფური ეტაპის ორი მატჩი მოიგო მშრალად ‘ლოკომოტივმაც’ - ‘ყოჩებთან’ 28:0 და ‘ბათუმთან’ 50:0, ‘ხარებს’ კი ერთი გარდასახული ლელოთი სძლია - 19:12. მესამე ჯგუფში სამივე თამაში მოიგო ‘ხვამლმა’ - ‘აკადემიასთან’ 45:5, „შევარდენის აკადემიასთან“ 22:19 და ‘ჯიქთან’ 31:12.

ამ სამეულთან ერთად, თასის მეოთხედფინალში ‘ყოჩები’, ‘არმაზი’, ‘ხარები’, შევარდენის აკადემია და ‘ჯიქი’ გავიდნენ, ‘აკადემიამ’, ‘ზუგდიდმა’ და ბათუმის ორივე გუნდმა კი, მე-9 ადგილისთვის გააგრძელა ბრძოლა.

მეორე დღეს თამაშები თასის მეოთხედფინალებით გაგრძელდა და ‘ლელო-სარასენსმა’ ამჯერად მშრალად ‘ჯიქს’ მოუგო - 40:0. ამჯერად მშრალად, 38:0 მოუგო ‘ხვამლმა’ შევარდენის აკადემიას, ‘ლოკომოტივმა’ ‘ხარებს’ 33:5 აჯობა, ხოლო ‘ყოჩებმა’ ‘არმაზს’ 27:14 მოუგო. ‘ლელომ’ სერია ნახევარფინალშიც გააგრძელა და ‘ყოჩებს’ 56:0 მოუგო, ხოლო ‘ლოკომოტივმა’ ‘ხვამლს’ დაძაბულ ბრძოლაში გარდასახვით, 7:5 აჯობა.

ფიალას ფინალში ‘აკადემიამ’ ‘ბათუმი U16’ 19:7 დაამარცხა და მე-9 ადგილი დაიკავა. სინისთვის ‘არმაზმა’ ‘ხარებს’ 28:17 მოუგო და მე-5 ადგილზე გავიდა, ხოლო მესამე ადგილისთვის ‘ხვამლმა’ ‘ყოჩებს’ 31:10 სძლია. ‘ლოკომოტივი’ გახდა ერთადერთი გუნდი, რომელმაც ტურნირში ‘ლელოს’ ლელო გაუტანა, თანაც ორი, მაგრამ თავად ოთხი გაუშვა და ‘ლელო-სარასენსმა’ 26:12 მოგებით მთავარი პრიზი შემართა.

საგულისხმოა, რომ სამივე ინდივიდუალური ჯილდო ასევე ‘ლელო-სარასენსის’ მორაგბეებს შეხვდა. საუკეთესო მელელოვე საბა არჩვაძე გახდა; ფინალის საუკეთესო მოთამაშედ გაგა ქევხიშვილი, ხოლო ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ თორნიკე კახოიძე დასახელდა. გამარჯვებულებს და გამორჩეულებს პრიზები ბორჯღალოსნების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, 18-წლამდე ნაკრების მწვრთნელმა მიხეილ სუჯაშვილმა და 18-წლამდე 7-კაცას მწვრთნელმა ლევან ობოლაძემ გადასცეს.

site.rugby.ge

0.108382