სხვა

11:44 | 12.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 11 მედალი მოიპოვა

კორეის ჩჰონჯუში დასრულებულ სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე (8-10 ნოემბერი), სადაც ქალებში, კაცებში და საბრძოლო სამბოში მედლების 9-9 კომპლექტი გათამაშდა, საკუთარ წილ წარმატებას საქართველოს ნაკრებმაც მიაღწია.

ქართველი სამბისტებმა ჩჰონჯუს ლეიბზე 11 მედალი დაისაკუთრეს, აქედან 1 უმაღლესი სინჯისაა, 5 ვერცხლის და ამდენივე ბრინჯაოსი. მათ შორის, 2 მედალი ქალთა ნაკრებზე მოდის.

საქართველოს ნაკრებისთვის ყველაზე წარმატებული გამოდგა 57 კილოგრამი წონითი კატეგორია, სადაც ვახტანგ ჩიდრაშვილმა ფინალში რუსეთის წარმომადგენლის, საიან ხერტეკის ძლევით კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა დაიმსახურა. ჩიდრაშვილისთვის ეს არის მსოფლიოს ჩემპიონის მეექვსე ტიტული.

ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდათ მინდია ლილუაშვილს (68 კგ), პაატა ღვინიაშვილს (90 კგ) და დავით ლორიაშვილს (100 კგ). ლილუაშვილი მონღოლ ალტანსუხ დოვდონთან დამარცხდა, ღვინიაშვილი - რუს სერგეი რიაბოვთან, ხოლო ლორიაშვილი - ასევე რუს რუსლან კისელევთან.

ბრინჯაოს მედლები აიღეს გივი ნადარეიშვილმა (52 კგ), ლევან ნახუცრიშვილმა (74 კგ), ბესარიონ ბერულავამ (82 კგ) და ბექა ბერძენიშვილმა (+100 კგ).

ქალთა ნაკრებიდან ოქროს მედლისთვის შეხვედრაში რუს ანასტასია ხომიაჩკოვასთან დამარცხდა ნინო ოძელაშვილი (72 კგ), ელენე ქებაძემ (80 კგ) კი მსოფლიო ჩემპიონატი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

საქართველოს ნაკრებმა ერთი მედალი მოიპოვა საბრძოლო სამბოშიც. ამ შემთხვევაში ჩვენს გუნდს წარმოადგენდა შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა პრესტიჟული ორგანიზაციის - UFC-ის წევრი მერაბ დვალიშვილი (68 კგ). ქართველმა მებრძოლმა ფინალი რუს სტეფან კობენოვთან დათმო.

გუნდურ პირველობაში საქართველოს კაცთა ნაკრებმა რუსეთისა და მონღოლეთის შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო მედლების საერთო (ქალთა და კაცთა) ჩათვლაში - მეხუთე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა წლეულს მინსკის ევროპულ თამაშებზე მოპოვებული 4 ოქროს, 3 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედლით მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ოლიმპიური გუნდის მიერ მეექვსე ადგილის დაკავებაში

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103699