რაგბი

12:19 | 12.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ლიგა | ‘არესმა’ ელიტისკენ გაიხედა

სეზონის მორიგმა გამორჩეულმა შეხვედრამ პატარძეულში დიდი ინტერესი გამოიწვია. გარე კახეთში დიდი 10-ის საგზურის მაძიებლები და პირველობის ლიდერები, ადგილობრივი ‘ვეფხვები’ და ქუთაისის ‘არესი’ შეიყარენ. მეტოქეებს ყველა შეხვედრა ქონდათ მოგებული, ოდენ პატარძეულს-აქტივში ერთით მეტი პრემია, რის გამოც გარე კახელები იმერლებს 1 ქულით უსწრებდნენ და ცხრილშიც პირველ საფეხურს იკავებდნენ.

‘ვეფხვებმა’ მხოლოდ ტაიმების საწყის წუთებში ივარგეს. მატჩის დასაწყისში გარე კახელები ფულბეკ შაქრო სუხაშვილის ჯარიმით დაწინაურდნენ, მეორე ნახევრის დებიუტში კი პატარძეულმა თავისი პირველი ლელო მოლით გაიტანა. თავი ბურჯმა გიორგი ლაფერაშვილმა გამოიჩინა. ორივე გუნდის უკანა ხაზი უჩვეულოდ ბევრ შეცდომას უშვებდა, განსაკუთრებით კი მასპინძლები სცოდავდნენ. აღნიშნული გარემოებით ‘არესმა’ კარგად ისარგებლა და პირველი ტაიმის 15-წუთიან მონაკვეთში მიჯრით 3 ლელოს გატანაც მოახერხა. ხაზი ბურჯმა ბაქარ ბურჯალიანმა და მგეზავმა ბონდო აბაშიძემ გაჭრეს, ფრთა ამირან შვანგირაძემ კი აბაშიძის ეფექტურად დაკიდებული ოვალი ლელოდ ჰაერიდან ერთი შეხებით აქცია 24:3. მეორე ნახევარში ‘არესი’ უპირატესობას არ თმობდა და მონაგარს სწრაფ კონტრშეტევებზე ფულბეკ გიორგი ჭოლაძისა და თერჯოლელი ფეხმარდი ფრთის ირაკლი ცხადაძის ლელოებიც წაუმატა. ‘ომის მრისხანე’ ღმერთმა მატჩი პრემიის თანხლებით 36:17 მოიგო. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ბაქარ ბურჯალიანისა და ბონდო აბაშიძის საუცხოო თამაში. რიონისპირელთა მგეზავი ოვალს კარგად ანაწილებდა და ფეხითაც დიდებულად ირჯებოდა. ‘არესმა’ კახელებს 4 ქულით გადაასწრო და სატურნირო ცხრილის სათავეშიც დამკვიდრდა. აღსანიშნავია, რომ რიონისპირელებს ყველა საცხრილო მაჩვენებელი მეტოქეებზე უკეთესი აქვთ და ‘სერჟის’ ბიჭებიც დიდი 10-ის საგზურის მთავარ ფავორიტად იქცნენ. სულ რაღაც 4 წლის წინ შექმნილი ‘ომის მრისხანე ღმერთის’ გამარჯვებათა სულისჩამდგმელი, მთავარ მწვრთნელ სერგო ფრუიძესთან ერთად კლუბის პრეზიდენტი გიორგი ჩიხლაძე გახლავთ, ვინაც ამავდროულად გუნდში მენეჯერის ფუნქციასაც ასრულებს.

ელიტაში თამაშის კიდევ ერთმა მსურველმა ‘არმიამ’, წინა ტურში ‘არესთან’ განცდილი მარცხის შემდეგ ჯავრი ‘დევებზე’ იყარა. ‘შევარდენზე’, ‘ჯარმა’ ლიგის დებიუტანტს ტაიმებში 9-9 უპასუხო ლელო გაუნაწილა და მატჩი, სეზონში რამდენიმე საკლუბო რეკორდის თანხლებით 118:0 მოიგო, მეორე ადგილზე დაქვეითებულ პატარძეულთან ქულათა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა და თან გარე კახელებს მომდევნო ტურში დედაქალაქში დაუხვდება.

‘ლეონსიოს’ გუნდში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე დავით ლაზარიშვილი გახლდათ. ‘არმიელთა’ მარცხენა ფრთამ ‘ჰეთ-თრიკი’ შეასრულა. 18-ივე გარდასახვის შესრულება კი ვიტო კირინმა ითავა. უკრაინელმა მგეზავმა ძელებს შორის ოვალი 14-გზის გააძვრინა. რაც შეეხება ‘ჯარის’ სეზონის საკლუბო რეკორდებს,‘არმიამ’ სეზონში ყველაზე დიდი სხვაობით იმარჯვა, ერთ შეხვედრაში ყველაზე მეტი ლელო გაიტანა და ასევე ყველაზე მეტი სამატჩო ქულაც დააგროვა.

მიმდინარე სეზონის უდაო აღმოჩენამ, სტეფანწმინდას ‘ყაზბეგმა’ მიჯრით მეექვსე შეხვედრა მოიგო, მეოთხე პოზიცია გაიმყარა და თან მეორე ადგილოსან პატარძეულთან ჩამორჩენა 8-ქულამდე შეამცირა.

მოხევეებმა, სამცხე-ჯავახეთის ‘ტაოს’ ‘შევარდენზე’ უმასპინძლეს და მესხებს პრემიალური ქულის თანხლებით 41:10 მოუგეს. ‘ყაზბეგი’, თამაშიდან თამაშამდე პროგრესირებს. მოხევური რაგბის პატრიარქსა და გუნდის მთავარ მწვრთნელ გოჩა ჩქარეულს მდიდარ არსენალში მეტოქეთათვის სიურპრიზები არ ელევა. მალხაზ ჭეიშვილის შეგირდებმა მეტოქეს ჯეროვანი წინააღმდეგობა საწყის 20 წუთში გაუწიეს და ფულბეკ ლევან ხუციშვილის დადებული ლელოთი, ყაზბეგის’ მღლეტელ იაგო გელაძის ლელოც გააბათილეს. მოხევეები მაღალ სიჩქარეზე მოქმედებდნენ, ოვალს სწრაფად შლიდნენ, უპირატესობას სტატიკასა და დერეფანშიც ფლობდნენ, რაც საბოლოოდ ჩქარეულის გუნდის კიდევ 4 გატანილ ლელოშიც აისახა. უპირატესად აღნიშვნის ღირსია ‘ყაზბეგის’ მგეზავ გიორგი ასათიანის შედეგიანი და ეფექტური თამაში. ასათიანმა ლელო თავადაც დადო და ზუსტად შესრულებულ ხუთივე გარდასახვას 2 გატანილი ჯარიმაც დაურთო. მოხევეებისთვის ‘ჭეშმარიტების ჟამის’ დრო დგება. პირველი წრის დასკვნით ტურში ყაზბეგი’ პირველობის ერთპიროვნულ ლიდერ ‘არესს’ ქუთაისში ესტუმრება.

ქუთაისში, ‘ბაგრატმა’ ოზურგეთის ‘არწივებს’ უმასპინძლა და უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში პრინციპულ მეტოქეს მინიმალური სხვაობით, 18:17 სძლია.

ტოლ-სწორ მეტოქეთა დაპირისპირებაში გუნდებმა 2-2 ლელო გაიტანეს. რიონისპირელთა რიგებში ჰუქერი ლაშა ჭელიძე და ფრთა ბექა ფრუიძე გამოირჩნენ, გურულების მხრიდან კი ლელოს დადება ჰავბეკმა ავთო ცნობილაძემ და მგეზავმა შოთა ცეცხლაძემ მოახერხეს და სწორედ თავიანთი ‘ღერძის’ შედეგიანი თამაშის წყალობით მეორე ტაიმის შუაწელისთვის ‘არწივები’ 9-ქულიანი უპირატესობით დაწინაურდნენ. ცეცხლაძემ ორივე ლელო გარდასახა და ჯარიმაც უნაკლოდ დაარტყა. ცნობილაძემ კი ქომაგი ეფექტური და გააზრებული თამაშით მოხიბლა. გურულთა ჰავბეკმა მატჩის პირველი ლელო პრაქტიკულად თავადვე შექმნა. ცნობილაძე რაქში ოვალს არ აყოვნებდა და რამდენჯერმე საფუძველი თანაგუნდელთა მწვავე შეტევასაც ჩაუყარა. აღსანიშავია, რომ ცნობილაძე ქუთაისის მკვიდრი გახლავთ და გურიაში გადაბარგებამდე რიონისპირელთა სამივე გუნდში (‘აია’; ‘არესი’; ‘ბაგრატი’) აქვს ნათამაშევი. ფიზიკურად უკეთ მომზადებულმა ‘ბაგრატმა’ სტატიკაში იძალა და უმეტესად მორკინალთა აქტიური ქმედების ხარჯზე შეხვედრის შემოტრიალება მოახერხა. მასპინძლებმა ჯერ ფრუიძის გარდასახული ლელოთი ანგარიშში სხვაობა 2 ქულამდე შეამცირეს, ბოლო წუთებზე კი მეტოქის 22-მეტრიანთან, კარის პირდაპირ ჯარიმაც გამოიმუშავეს, რომლის გატანაც რიონისპირელთა მარბიელ თემურ ყიფიანს არ გაჭირვებია. ‘ბაგრატმა’ სეზონში მოპოვებული მესამე გამარჯვებით ცხრილში მეექვსე ადგილზე აინაცვლა და მეხუთე ადგილს ‘ტაოს’ მხოლოდ ბურთების საერთო უარესი სხვაობის გამო უთმობს. მომდევნო ტურში ‘ბაგრატს’, ასპინძაში მესხებთან რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. ‘არწივები’ კი აღებული ნუგეშით მეშვიდე პოზიციაზე იმყოფებიან, თუმცა ‘დევებს’ მხოლოდ უკეთესი პირისპირ ბალანსით უსწრებენ.

ტურის დასკვნით შეხვედრასაც ნავთლუღის სარაგბო არენამ უმასპინძლა. აუტსაიდერთა ჯახში, ‘დინამომ’ ‘ივერია ვარკეთილს’ დაძაბულ ბრძოლაში 17:12 აჯობა. მართალია, სეზონში მოპოვებული მეორე გამარჯვების მიუხედავად ლევან რამიშვილის შეგირდები მეცხრე ადგილზე დარჩნენ, თუმცა ქართული რაგბის უხნესი გუნდი ბოლო, გასავარდ ადგილზე მყოფ ‘ივერიას’ 8 ქულით მოწყდა და თან ‘დევებსა’ და ‘არწივებს’ სულ 1 ქულითღა ჩამორჩება.

ნულოვანი ფრის შემდეგ, მატჩის მეორე ნახევარში მეტოქეებმა ტემპს უმატეს. იმატა ტექნიკურმა წუნმაც, რაც უპირატესად გუნდების მხრიდან სისტემატიურად ოვალის წინ ვარდნას უკავშირდებოდა. პირველმა, ლელოს გატანა ‘ივერიამ’ მოახერხა. ‘დინამოს’ საპასუხო რეპლიკამ არ დაახანა. მძლავრი მოლის ჩაქცევისთვის დაფიქსირებული საჯარიმო ლელოთი ლევან რამიშვილის შეგირდები დაწინაურდნენ. ‘დინამო’ მეტოქეზე ფიზიკურად უკეთ გამოიყურებოდა, რამაც მატჩის შედეგზე გადამწყვეტი გავლენა იქონია. ‘დინამომ’ შერკინებასა და დერეფანში მოპოვებული უპირატესობა ფიჯელი ფრთის როპატი ნდანგიას ლელოთი გაამყარა. მატჩის საბოლოო ანგარიში 17:12 ‘დინამოს’ მგეზავ ირაკლი გოდერძიშვილის გატანილმა ჯარიმამ დააფიქსირა. მოუგებლად მყოფმა ‘ივერიამ’ სეზონში მეორე ნუგეშ-ქულა აიღო და ცხრილში არსებული დეფიციტის აღმოფხვრას მორიგ ტურში ოზურგეთის ‘არწივებთან’ შეხვედრაში ეცდება.

site.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123461