კალათბურთი

14:09 | 12.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

„მწვრთნელი გიოს“ არაჩვეულებრივი საკალათბურთო მოგზაურობა თბილისიდან ბრუკლინში

ყოველთვის სასიამოვნოა როცა უცხოეთში წასულ ქართველებზე რაიმე დადებითს გაიგებ. მით უმეტეს, თუ მათზე ადგილობრივები დაწერენ. ორიოდ დღის წინათ, ბრუკლინურმა პორტალმა, bklyner-მა, წერილი მიუძღვნა თბილისელ ახალგაზდას, რომელიც ამერიკულ საკალათბურთო სამყაროში ცდილობს დამკვიდრებას.

გიორგი კოღუაშვილი ექვსი წლის იყო, როდესაც ბიძამ „კოსმიური ჯემის“ ასლი უყიდა. („კოსმიური ჯემი“ ცნობილი საოჯახო კომედიური ფილმია, რომელშიც ლეგენდარული მაიკლ ჯორდანი მულტიპლიკაცური ფილმების გმირებთან ერთად, უცხოპლანეტელებს დაამარცხებს კალათბურთში - რედ). მაშინ გიორგი პოსტსაბჭოთა საქართველოში ცხოვრობდა.

ამ ფილმმა კოღუაშვილის ცხოვრება შეცვალა: „შემიყვარდა მაიკლ ჯორდანი და მინდოდა მას დავმსგავსებოდი“ - იხსენებს გიო.

და ახალგაზრდა გიორგი კალათბურთის სამყაროში გადაეშვა. სპორტული სტიპენდიით ნიუ იორკში გაემგზავრა და იქ აკადემიას მიაგნო, რომელიც სამხრეთ ბრუკლინში მდებარეობს და იქ ასობით ბავშვი ეუფლება ამ შესანიშნავი თამაშის საფუძვლებს.

ბავშვობაში, თბილისში, „მწვრთნელმა გიომ,“ - როგორც მას უწოდებენ, ეზოში ხის ფართან დაიწყო თამაში და პირველ ორგანიზებულ ჯგუფს შვიდი წლისა შეუერთდა.

„პირობები საშინელი იყო - ფანჯრები ჩამსხვრეული, იატაკი დაზიანებული, ფარები მოღრეცილი. არ გვქონდა ელექტროენერგია და გათბობა, ქურთუკებით და ხელთათმანებით ვთამაშობდით“, - განაცხადა მან ერთ-ერთ ინტერვიუში მე-18 ავენიუზე, იტალიურ-ამერიკული ფედერაციის დარბაზში, სადაც აკადემია მდებარეობს. იქ ლურჯ-წითელ სამოსში გამოწყობილი ბავშვები ვარჯიშობდნენ. მასთან და კიდევ ერთ სხვა მწვრთნელთან ერთად.

”არ ვიცი როგორ ვისწავლე კალათბურთის თამაში, მაგრამ მაშინ უკეთესი არ ვიცოდით. ახლა, როდესაც ვხედავ, რა პირობებში ვარჯიშობენ აქ ბავშვები, ვხვდები, რომ მათ არანაირი გამართლება არ ექნებათ, თუ ცუდად ითამაშებენ. და ეს არა მხოლოდ კალათბურთს ეხება.“- იხსენებს გიორგი.

გიორგი 16-წლამდე ასაკის ნაკრების ვარსკვლავი იყო, როდესაც დასავლეთ ვირჯინიის, ანუ, ეგრეთ წოდებული, „მთის შტატის“ აკადემიის კალათბურთის სკოლაში ემზადებოდა.

”პირველი ორი თვის განმავლობაში, არც კი ვიცი როგორ გადავრჩი. ინგლისურად ვერ ვსაუბრობდი, ქართველები არ იყვნენ, ეს პატარა ქალაქი იყო. ყველა კალათბურთს თამაშობდა, პატივს მცემდნენ, რადგან მეც იმავეს ვაკეთებდი”.

გიომ საშუალო სკოლის პროგრამა ტენესის შტატში დაასრულა, მაგრამ მისი ინგლისური მაინც ვერ აკმაყოფილებდა პირველი დივიზიონის მოთხოვნებს. ამიტომ ჯეკსონ ტენესიში, „იუნიონ იუნივერსითიში“ გადასვლა არჩია. თუმცა, მძიმე ტრავმამ მისი გეგმები არია. შემდეგ მინესოტას უნივერსიტეტში, კრუკსტონში სცადა ბედი.

მალე გააცნობიერა, რომ შეიძლებოდა საკალათბურთო კარიერა ვერ აეწყო: ”უფრო ხშირად დავიწყე მეცადინეობებზე სიარული, საშინაო დავალებების შესრულება, კითხვა და მიმართულება შევიცვალე“.

სოფლის მეურნეობის ბიზნესის მართვის სპეციალისტის დიპლომი მიიღო. საქართველოში დაბრუნებას და მიწის დამუშავებას აპირებდა. თუმცა, წასვლისას ნიუ-იორკში ჩავიდა და მეგობარს შეხვდა, რომელმაც ის საქართველოს საკონსულოში სტაჟირებით დააინტერესა.

მაგრამ ფულის შოვნაც ხომ საჭირო იყო. ”დავიწყე ბავშვების მომზადება პარკებში. ვიცოდი რამდენიმე ქართული ოჯახი, 5-6 ბავშვი, ბენსონჰურტში, კინგსის გზატკეცილის მახლობლად, სადაც პოსტსაბჭოთა ხალხი სახლობდა“. განცხადება ფეისბუქზე განათავსეს. პირველი სესიისთვის ცხრა ბავშვი მივიდა, შემდეგ - 18. თუმცა ყველა მათგანი ქართველი არ ყოფილა.

2017 წლის შემოდგომაზე, როცა სიცივის გამო ქუჩაში თამაში შეუძლებელი გახდა, ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან დარბაზი იშოვნა.

”ყოველ კვირას უფრო მეტი ბავშვი მოდიოდა”.

მალევე, გიოს კიდევ ერთი მწვრთნელის დაქირავება დასჭირდა და მელვინ მაკკლუენი - "მწვრთნელი მაიკი" - იპოვნა, ვეტერანი ნიუიორკელი კალათბურთელი. ასევე სემ ჰოუელი, მისი მინესოტელი თანაგუნდელი.

ამასობაში გიორგიმ, საკონსულოში საშტატო სამუშაო და დიპლომატიური ვიზა მიიღო. 2018 წლის ბოლომდე ორ ფრონტზე იბრძოდა. მერე დატოვა დიპლომატიური სამსახური და „მწვანე ბარათის“ განაცხადი შეიტანა. ასევე ჩართული იყო კალათბურთის აკადემიაში.

მას პატივს სცემდნენ, როგორც მწვრთნელს, თუმცა ზოგჯერ თვითონ საკუთარ თავს მწვრთნელს არ უწოდებდა, რადგან გამოცდილება ჯერ არ ჰქონდა.

”ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ჩემი მწვრთნელი იყო”, - ამბობს გიო, - "თქვენ მხოლოდ კალათბურთს არ ასწავლით, თქვენ პრინციპებს და ფასეულობებს ამკვიდრებთ, რომლებიც მთელი სიცოცხლე გრძელდება. თქვენ იცით, როგორ უნდა ასწავლოთ თვითშეფასება და თავდაჯერებულობა".

მისი ოცნება აკადემიის გახსნაა: ”მსურს, ჩემი საკუთარი ადგილი, კალათბურთის დარბაზი ვიშოვნო, ინდივიდუალური ვარჯიშისთვის, გვერდით კი ბიბლიოთეკისთვის, სადაც ბავშვებს საშინაო დავალებების მომზადება შეეძლებათ”, - თქვა მან.

ამჟამად ბრუკლინის საკალათბურთო აკადემიაში, 6-10 და 11-14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, მომზადება კვირაში 260 დოლარი ღირს. ისინი ასევე საზაფხულო - დასასვენებელ ბანაკებს და ინდივიდუალურ ვარჯიშებსაც გვთავაზობენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12937