ფეხბურთი

18:44 | 27.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფოთის ბავშვთა გუნდი ფესტივალის „ფეხბურთი ყველას“ გამარჯვებულია

27 ოქტომბერს რუსთავის საფეხბურთო აკადემიაში მზურნველობამოკლებულ, სოციალურად დაუცველ და დევნილ ბავშვთა საფეხბურთო ფესტივალის ფინალურ შეხვედრაში ფოთის ბავშვთა გუნდმა ქუთაისის გუნდი 5:4 დაამარცხა და სამდღიანი ფესტივალის გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა.

გამარჯვებულები და ფინალისტები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა დააჯილდოვა. ფესტივალი ყველა მონაწილეს ფეხბურთის ფედერაციისგან სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

„მეხუთე წელიწადია, ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, მიმდინარეობს პროექტი „ფეხბურთი ყველას“, რომელიც გულისხმობს მთელი ქვეყნის მასშტაბით მზრუნველობამოკლებულ, სოციალურად დაუცველ და დევნილ ბავშვთა დღის ცენტრებში ფეხბურთის სწავლებას. იმ ბავშვებს, რომლებსაც უყვართ ფეხბურთი, ჩვენ ყოველთვის შევუწყობთ ხელს. დაგეგმილი გვაქვს, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტად გავფართოვდეთ და მეტი რეგიონი მოვიცვათ“. - აღნიშნა დავით მუჯირმა.

ფესტივალის ორგანიზატორმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანმრთელი და ნათელი მომავლისათვის“ წარმომადგენლებმა დავით მუჯირს, პროექტის მხარდაჭერისთვის სპეციალური ჯილდო გადასცეს.

ფესტივალი, სახელწოდებით „ფეხბურთი ყველას“ სამი დღის განმავლობაში ჩატარდა და მასში ქვეყნის ექვსი რეგიონიდან 80 ბავშვი მონაწილეობდა, რომლებიც რეგიონული ტურნირების შედეგად შეირჩნენ. პატარა ფეხბურთელები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანსაღი და ნათელი მომავლისათვის“ ერთობლივი პროექტის მონაწილეები არიან, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 250 ბავშვს აერთიანებს. უკვე მეხუთე წელია რაც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში არსებული ბავშვთა სახლებსა და დღის ცენტრებში ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით საფეხბურთო გუნდები ჩამოყალიბდა და აღსაზრდელები სისტემატურად ვარჯიშობენ.

0.145794