ავტოსპორტი

3:29 | 27.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფერსტაპენს მექსიკის დიდი პრიზის პოული ჩამოართვეს

მექსიკის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა მაქს ფერსტაპენმა მოიგო, მაგრამ რბოლის შემდეგ სტიუარდებმა დაადგინეს, რომ ჰოლანდიელმა მრბოლმა, სესიის ბოლოს ყვითელი დროშის წესი დაარღვია და ამის გამო, პოული ჩამოართვეს. „რედ ბულის“ პილოტი სამი პოზიციით ჩამოქვეითდა, რბოლის სტარტზე კი მოწინავე პოზიციებს, ისევე როგორც იაპონიაში, კვლავ „ფერარის“ პილოტები დაიკავებენ. პოულ პოზიციაზე შარლ ლეკლერი დადგება.

ფერსტაპენს კვალიფიკაციის მესამე ნაწილში ორივე სწრაფი წრე საუკეთესო ჰქონდა და თუ მეორე გაუუქმდებოდა, რომლის დროსაც ყვითელ დროშაზე სიჩქარე არ შეამცირა, პირველით მაინც პოულზე დარჩებოდა. მაგრამ გადაწყდა, რომ ის სამი ადგილით დაჯარიმებულიყო. გარდა ამისა, ლიცენზიაშიც ორი საჯარიმო ქულა „გამოიმუშავა“.

რბოლის შემდგომ, ფერსტაპენმა სტიუარდებთან აღიარა, რომ ვალტერი ბოტასის ავარიის შემდეგ, რომელიც სესიის მიწურულს მოხდა, სიჩქარე არ შეუმცირებია. ჰოლანდიელს იმედი ჰქონდა, რომ მხოლოდ მეორე სწრაფი წრის გაუქმებით გადარჩებოდა. ჩანაწერმაც აჩვენა, რომ მის წინ მავალმა მანქანამ (სებასტიან ფეტელის ფერარი) სიჩქარე დააგდო, ფერსტაპენმა კი - არა.

საბოლოოდ, ფერსტაპენი მეოთხე ადგილზე ჩამოქვეითდა და სტარტზე ლუის ჰამილტონის გვერდზე დადგება, რომელსაც თანგუნდლის ავარიის გამო, მეორე სწრაფი წრე ასევე გაუცუდდა. ბოტასს მანქანა თავისი მეორე სწრაფი წრის მიწურულს მოუცურდა და ბარიერს შეეჯახა. საბოლოოდ ის მე-6 ადგილს დასჯერდა, თუმცა მანქანა იმდენად ძლიერ არის დაზიანებული, რომ შესაძლოა, ტრანსმისია ან ძრავი გახდეს შესაცვლელი. ეს კი სტარტზე პოზიციების დაკარგვად დაუჯდება. ეს კი ჰამილტონს ახერირებს, რომელსაც მეექვსე ტიტულის მექსიკაშივე განაღდების რეალური შანსი აქვს.

მექსიკის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 0.266
  2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 0.412
  3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 0.504
  4. *მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:14.758
  5. ალექს ალბონი (ტაილანდი, ტორო როსო) 0.578
  6. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 0.580
  7. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 1.256
  8. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1.564
  9. დანიილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1.711
  10. პიერ გასლი (საფრანგეთი, რედ ბული) 1.828
  11. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 1.929
  12. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 2.127
  13. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 2.175
  14. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 2.209
  15. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 2.511
  16. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 3.307
  17. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 3.678
  18. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 3.841
  19. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 4.065
  20. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, უილიამსი) 5.421

შენიშვნა: ფერსტაპენს პოული ჩამოერთვა და სამო პოზიციით დაქვეითდა

სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.109395