ფეხბურთი

20:40 | 26.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

WePlayStrong საფეხბურთო ღია კარის დღე

26 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, საფეხბურთო ღია კარის დღე გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში 15 წლამდე გოგონებმა, სხვადასხვა საფეხბურთო აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა. მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა ნიკა ჯღარკავამ, სფფ-ს წარმომადგენლებმა და ქალთა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ნინო პასიკაშვილმა და ნინო სუთიძემ გოგონებს სხვადასხვა სახის საფეხბურთო ვარჯიშები ჩაუტარეს. გარდა წვრთნებისა, გოგონებს წამყვანმა ფიტნეს ინსტრუქტორმა ნინო გოგუაძემ თეორიული ცოდნა მიაწოდა ჯანსაღი ცხოვრების წესის, სწორი კვებისა და ვარჯიშის შესახებ.

აღნიშნულ ღონისძიებაში ფეხბურთით დაინტერესებული გოგონები ჩაერთვნენ. მათ შორის იყვნენ მიმდინარე წლის ივლისში გამართული საზაფხულო ბანაკის #WePlayStrong Summer Camp Georgia-ს მონაწილეებიც.

ღია კარის დღე კამპანიის #WePlayStrong Together-ის ფარგლებში იმართება. შეგახსენებთ, რომ #WePlayStrong ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ახალი კამპანიაა, რომლის მთავარი მიზანი სტერეოტიპების დანგრევა და გოგონების ფეხბურთში ჩართვაა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ამ მიმართულებით სხვადასხვა აქტივობას მომავალშიც გეგმავს.

gff.ge

0.153178