რაგბი

15:34 | 21.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ‘აია’ მაქსიმალური შედეგით გალიდერდა

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის’ მოწინავე ჯგუფის მეექვსე ტური ნუცუბიძის პლატოზე, ‘აკადემიასა’ და ვიცე-ჩემპიონ ‘აიას’ შეხვედრით დაიწყო. ცხრილში უქულოდ მყოფმა ‘მხატვრებმა’ უპირობო ფავორიტთან ვერაფერი გააწყეს და მატჩი 69:8 დათმეს.

პირველობის ერთ-ერთი ლიდერი მასპინძლებს თამაშის ყველა კომპონენტში იოლად ჯაბნიდა, რასაც გაგა გურეშიძის შეგირდთა მხრიდან 11 გატანილი ლელო მოჰყვა. პირველივე ტაიმში, კაპიტანმა და ჰუქერმა გიორგი ღლონტმა და მარბიელმა პაატა გალდავამ ‘დუბლი’ შეასრულეს. მეორე ნახევარში კი წყვილი ლელოს გატანა ფრთა იაგო ხაბულიანმა და მღლეტელმა ბექა შვანგირაძემ მოახერხეს. ერთადერთი, რაც ‘აკადემიამ’ შეძლო, თავისი კაპიტნისა და ლიდერის კოტე იაშვილის კარგი თამაშის წყალობით რიონისპირელებს შეხვედრის ‘მშრალი’ ანგარიშით მოგების შესაძლებლობა არ მისცა. ‘მხატვართა’ ჰავბეკმა პირველ ნახევარში გატანილ ჯარიმას, მეორე ტაიმში ლელოც მიაყოლა და საკუთარი გუნდის მონაგარი სრულად პირად აქტივს შემატა. ‘აიამ’ სეზონის ექვსივე შეხვედრა პრემიით მოიგო, მაქსიმალური 30 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის სათავეშიც მოექცა. საცხრილო ქულების გარდა, რიონისპირელები მეტოქეებს ყველა მაჩვენებლითაც აღემატებიან. ბურთების საუკეთესო სხვაობის მქონე ‘აიამ’ ჩემპიონატში ყველაზე მეტი ლელო გაიტანა, მეტი სამატჩო ქულა დააგროვა და ყველაზე ცოტა ქულაც მიიღო.

ნამდვილი სპორტული დრამა გათამაშდა მესამე მასივში. ქომაგმა 2 დიამეტრალურად განსხვავებული ტაიმი იხილა. ჩემპიონი და ფავორიტი ‘ლელო’, რუსთავის ‘ხარებთან’ პირველ ტაიმში დომინირებდა და შესვენებაზე 14-ქულიანი უპირატესობით წავიდა. ქვემო ქართლელებმა ვერაფერი მოუხერხეს ლელოს ლიდერ, მარბიელ გიორგი ქობალიას. პირველობის საუკეთესო მელელოვემ ‘დუბლი’ შეასრულა. ‘ხარები’ კი ტაიმში თავიანთი კაპიტნის დათო ლომიძის ლელოს დასჯერდნენ.

მეორე ტაიმი ქვემო ქართლელთა უპირატესობით წარიმართა. ჭაბუკმა რუსთაველებმა თავიანთი დამრიგებლის თემურ ლობჟანიძის ყველა შენიშვნა გაითვალისწინეს და თან ძალთა მაქსიმალური კონცენტრაციაც გამოავლინეს. დაცვაში საიმედო და ხისტ თამაშს, ‘ხარები’ სწრაფ კონტრიერიშებს უნაცვლებდა და ჩემპიონს ერთი-ერთზე თამაშშიც ჯაბნიდა. შედეგად, სტუმრებმა 20 უპასუხო ქულა აიღეს და ‘ლელოს’ სეზონში პირველი მარცხი აგემეს. მხტომელ ვახტანგ შუბითიძის ლელოს, ქვემო ქართლელთა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის გიორგი ელოშვილის ლელოც მოჰყვა. ‘ხარების’ ფულბეკმა ორივე ლელო გარდასახა და მატჩის ბოლო წუთზე რთული პოზიციიდან გატანილი ჯარიმით, წარმოუდგენელი ქამ ბექით თავის გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა 27:24. განვლილმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ‘ხარებმა’ გასულ სეზონში პოდიუმზე /ბრინჯაო/ ფეხის შედგმის უფლება შემთხვევით როდი მოიპოვეს და მიმდინარე სეზონში ‘აიასთან’ და ‘ხვამლთან’ განცდილი მარცხისგან დროული და სწორი დასკვნები გამოიტანეს. მეოთხე გამარჯვებით, ‘ხარებმა’ ცხრილის მოწინავე სამეულში მიმდინარე სეზონში პირველად აინაცვლეს.

ვაზისუბანში ჭაბუკთა ლიგის ყველაზე გამორჩეული დერბი გაიმართა. ‘არმაზისა’ და ‘ხვამლის’ შეხვედრები ტრადიციულად უშეღავათო, დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობას. გამონაკლისი არც განვლილი მატჩი გამოდგა. ტურის ყველაზე მწირ ქულიან შეხვედრაში მასინძლებმა 11:5 იმარჯვეს. მიჯრით მეოთხე მოგებით, დავით კიკნაძის შეგირდებმა მუხიანელებს სატურნირო ცხრილში ადგილი გაუცვალეს და მოწინავე კვარტეტში დამკვიდრდნენ. მართალია, რატი ურუშაძის ბიჭები მარბიელ საბა კურტანიძის ლელოთი დაწინაურდნენ, თუმცა ჯერ ვაზისუბნელთა ფულბეკმა ბაკურ კუხალაშვილმა წყვილი ჯარიმა გაიტანა, მეორე ნახევრის შუაწელს კი ‘არმაზის’ ჰუქერმა ლუკა ბეჭვაიამ აგორებული მოლი ლელოთი დააგვირგვინა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. დინამიურ თამაშში, ორივე გუნდი აქცენტს ხისტ დაცვასა და სტატიკაზე აკეთებდა. მეტოქეთა ტოლ-სწორ პაექრობაში შეხვედრის ბედი ვაზისუბნელთა მეტმა საბრძოლო სულისკვეთებამ გადაწყვიტა. ‘ხვამლმა’ დაარსებიდან, ჭაბუკთა ‘ა’ ლიგაში ასპარეზობის პერიოდში, მიჯრით 3 შეხვედრა პირველად წააგო და ცხრილშიც მეხუთე ადგილამდე პირველად დაქვეითდა.

მეექვსე ტური ‘შევარდენზე’, ‘ლოკომოტივი ხულიგანასა’ და ქუთაისის ‘არესის’ პრინციპული შეხვედრით დასრულდა. ორივე გუნდი პლეი ოფში თამაშის უფლების მოპოვებას ისახავს მიზნად და ვაკანტური მეექვსე ადგილის დასაკავებლად თავდაუზოგავად იბრძვის.

წყვილში ფავორიტ ‘რკინიგზელებთან’, რიონისპირელებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს. ჰუქერ თორნიკე ფხაკაძის ლელო მგეზავმა მარკოზ შავგულიძემ გარდასახა, ჯარიმაც გაიტანა და ‘ომის მრისხანე ღმერთი’ შესვენებაზე 10-ქულიანი უპირატესობით წავიდა. მატჩის მეორე ნახევარიც სტუმართა კარნახით წარიმართა. ‘არესის’ ფრთა ირაკლი თევზაძემ და ბურჯმა ოთარ ფუთურიძემ, მონაგარს კიდევ 2 ლელო წაუმატეს და სეზონში საკუთარი გუნდის პირველი გამარჯვებაც დააფიქსირეს 22:5. ‘რკინიგზელთა’ ფრთის გოჩა ჯიქიას ერთადერთმა საპასუხო ლელომ ნიკა სირაძისა და ზურა შვანგირაძის შეგირდებს პრემიის აღება არ დაანება, რამაც ‘ლოკომოტივი ხულიგანას’ ცხრილში მეექვსე ადგილი შეუნარჩუნა.

რეგულარული სეზონის პირველი წრე დამდეგ უქმეებზე დასრულდება. ქუთაისში ტიტულის მთავარი მაძიებლები, პირველობის ლიდერი ‘აია’ და ჩემპიონი ‘ლელო’ შეიყრებიან. ინტერესმოკლებული არც რუსთავში, მესამე ადგილისთვის მოცილე ‘ხარებისა’ და ‘არმაზის’ შეხვედრა არ უნდა გამოდგეს.

site.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116012