სხვა

23:51 | 16.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობები გახსნამდე ორი დღით ადრე დაიწყება

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) და ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტმა იაპონიის დედაქალაქში ჩატარებული პრეს-ბრიფინგის ფარგლებში, რომელსაც მსოფლიო მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, განსაზღვრეს თამაშებზე სპორტსმენთა განაცხადების მიღების უკიდურესი ვადები.

ოლიმპიური თამაშებისთვის გუნდის შემადგენლობის გამოცხადების ბოლო ვადად განსაზღვრულია 2020 წლის 6 ივლისი. გარდა ამისა, IOC-ის წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ ოლიმპიური ლიცენზიების ნახევარი დეკემბრის ბოლომდე გათამაშდება.

პრეს-ბრიფინგის მონაწილეებს ასევე გააცნეს ექსტრემალური ამინდის პირობებში სპორტსმენთა, გულშემატკივართა და ჟურნალისტთა დასაცავად მისაღები ზომები. საკითხის დამატებითი აქტუალურობა შესძინა დამანგრეველმა ტაიფუნმა „ჰაგიბისმა", რომელმაც დღევანდელი მონაცემებით 74 ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო უსახლკაროთ დარჩენილთა რიცხვმა 13 ათასს გადააჭარბა.

ტოკიო-2020-ის ცნობით, ქარიშხლისგან რამდენიმე ოლიმპიური ობიექტიც დაზარალდა, მათ შორის არიაკეს საჩოგბურთო ცენტრი და შიკოაზეს პარკი, სადაც შეჯიბრებები ჩატარდება პლაჟის ფრენბურთში.

გარდა ამისა, მასმედიის წარმომადგენლებმა შეიტყვეს, რომ ყველაზე ადრე ასპარეზობებს შეუდგებიან ფეხბურთელები და სოფტბოლის წარმომადგენლები. პირველი შეჯიბრებები ჩატარდება 22 ივლისს - ოლიმპიური თამაშების გახსნამდე ორი დღით ადრე.

GEONOC.ORG.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109875