კალათბურთი

22:20 | 16.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

18-წლამდელთა 3×3 საკალათბურთო ტურნირს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა

3×3 საკალათბურთო სეზონი აქტიურად გრძელდება. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა 18-წლამდელთა ტურნირი, რომელშიც 8 გუნდი მონაწილეობდა. ტურნირში თავი მოიყარეს ამ ასაკის წამყვანმა 3×3 კალათბურთელებმა, რომლებმაც საკმაოდ საინტერესო და დაძაბული მატჩები ითამაშეს ერთმანეთში და სასახლეში მისული მაყურებელიც ასიამოვნეს.

გუნდები 2 ჯგუფში განაწილდნენ, საიდანაც ნახევარფინალის საგზური 2-2-მა საუკეთესომ მოიპოვა. ფინალში გასასვლელად დიდი ბრძოლა გააჩაღეს R-91-მა და LRG-იმ. დაძაბულ ბრძოლაში ერთქულიანი გამარჯვება R-91-მა მოიპოვა – 18:17. რაც შეეხება მეორე ნახევარფინალს, easy money-მ იოლად – 21:12 სძლია “შავ ჟიგულებს”.

ფინალური მატჩიც საკმაოდ დაძაბული გამოდგა, რომელიც easy money-იმ 21:18 მოიგო და ჩემპიონი გახდა. ტურნირის გამარჯვებული გუნდის ღირსებას იცავდნენ ნიკა ნიკოლაიშვილი, გურამ მოლოდინი და ნიკა გურგენიძე. ჩემპიონმა გუნდმა დაწესებული საპრიზო ფონდიდან 400 ლარი მოიგო, ხოლო ფინალში დამარცხებულ R-91-ს 200 ლარი ერგო.

ფინალისტ გუნდებს შესაბამისი საპრიზო თანხის ვაუჩერები კალათბურთის ეროვნული ფედერაციის 3×3 კალათბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიგა გურგენიძემ გადასცა.

GBF.GE

0.123752