რაგბი

11:23 | 15.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ლიგა | ორხელისუფლებიანობა შენარჩუნდა

პირველი ლიგის მეხუთე ტური ასპინძაში, ‘ტაოსა’ და ქუთაისის ‘არესის’ შეხვედრით დაიწყო. მესხებს გარკვეული კრიზისის ხანა დაუდგათ. მალხაზ ჭეიშვილის შეგირდებმა წინა ტურში დებიუტანტ ‘ყაზბეგთან’ სენსაციური მარცხი იწვნიეს, ამჯერად კი პირველობის ლიდერთან საშინაო შეხვედრაში ვერაფერი გააწყეს.

‘ომის მრისხანე ღმერთი’ მატჩის პირველივე წუთებიდან დომინირებდა. დაცვაში მწყობრ და ხისტ თამაშთან ერთად, სერგო ფრუიძის შეგირდები სტატიკაში საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ და მასპინძლებს ხაზიც არაერთხელ გაუჭრეს. ‘არესმა’ პირველ ტაიმში გატანილ 5 ლელოს, მეორე ნახევარში 2 ლელო წაუმატა, თუმცა მატჩის მიწურულს რიონისპირელებს კონცენტრაციის მცირე დაკარგვა რეკორდული აღმასვლის შეწყვეტის ფასად დაუჯდათ. მარქაფადან ჩართულ ლაშა ხაჭვანის ლელოს შედეგად, ‘არესმა’ სეზონში პირველი სამატჩო ქულები გაუშვა და ‘მშრალი’ ანგარიშით მოგებათა სერიაც შეწყვიტა 45:5. რიონისპირელთა რიგებში, მხტომელი ბებუნი კუხიანიძე ‘დუბლით’ გამოირჩა. ‘არესი’ მაქსიმალური შედეგით, 25 ქულით და საერთო ბურთების უკეთესი სხვაობით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს ინარჩუნებს.

ოზურგეთის ‘არწივებმა’ საშინაო შეხვედრა ამჯერადაც ფოთში გამართეს და ფავორიტ ‘არმიასთან’ ‘მშრალი’ ანგარიშით 0:41 დამარცხდნენ. მეტოქეთა მრავალი შეცდომის მიუხედავად, ‘ჯარმა’ კლასში არსებული უპირატესობა 7 უპასუხო ლელოთი გამოხატა. ‘არმიელთა’ დამრიგებელ ‘ლეონსიოს’/ლევან ცაბაძე/ ვაჟმა, ჰუქერმა დიტო ცაბაძემ წყვილი ლელოს გატანა პირველივე ტაიმში მოახერხა. მატჩის მეორე ნახევარში კი ასევე ‘დუბლით’ ფრთა დავით ლაზარიშვილი გამოირჩა. ‘ჯარმა’ 24 საცხრილო ქულა დააგროვა და ლიდერთა დუეტს კვლავ 1 ქულით ჩამორჩება.

დიდი 10-ის საგზურის კიდევ ერთი მაძიებელი პატარძეულის ‘ვეფხვები’ ნავთლუღში ‘დინამოს’ ესტუმრა და ქართული რაგბის უხნესი გუნდი 42:10 დაამარცხა. სოლიდური სხვაობით მარცხის მიუხედავად, ‘დინამომ’ ფავორიტს ტოლი არ დაუდო, მეტოქე სტატიკაშიც დაჩაგრა და ბოლომდე იბრძოლა, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში უამრავმა ტექნიკურმა ხარვეზმა/უპირატესად ოვალის წინ ვარდნა/ ლევან რამიშვილის შეგირდებს სასურველი შედეგის მიღწევის შესაძლებლობა არ მისცა.

შეხვედრის დასაწყისში მგეზავ გოჩა ხვიჩიას ჯარიმით ‘დინამო’ დაწინაურდა. გარე კახელები უპირატესად ხელდახელ, სწრაფ თამაშს ეძალებოდნენ და მხტომელ თემურ ტეტიასვილისა და მგეზავ ლაშა ბრეგვაძის ლელოთა მეოხებით შესვენებაზე 11-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ. მეორე ნახევარში, კლასთან ერთად თავი ‘ვეფხვების’ უკეთესმა ფიზიკურმა მომზადებამ იჩინა. ‘დინამომ’ მეტოქის ფეხმარდი ბეკების შეჩერება ვერ მოახერხა და შედეგად კიდევ 4 ლელო გაუშვა. გარე კახელთა მღლეტელმა გიორგი მექვაბიშვილმა აქტივში ‘დუბლი’ მიითვალა. ბრეგვაძემ კი საკუთარი გუნდის ექვსივე ლელო გარდასახა. მატჩის მიწურულსღა მოახერხა ‘დინამომ’ პრესტიჟის ლელოს გატანა. რამიშვილის ბიჭების მორიგი მიძალებით მორკინალმა გაგა მამაგულაშვილმა ისარგებლა. მოუგებლად მყოფი დინამო ცხრილში მეცხრე ადგილზე დაქვეითდა და ბოლოადგილოსან ‘ივერია ვარკეთილს’ ერთადერთი ქულით უსწრებს.

ქუთაისის ‘ბაგრატმა’ პირველ ლიგაში დაქვეითების შემდეგ, გამარჯვების მოპოვება მეორე სეზონშიღა მოახერხა. რიონსპირელებმა საკუთარ არენაზე დებიუტანტ ‘დევებს’ 27:11 მოუგეს, რამაც შალვა კიკვაძის შეგირდებს პირველ საცხრილო ქულებთან ერთად, რეესტრში მერვე ადგილზე ანაცვლების შესაძლებლობაც მისცა.

‘ბაგრატის’ ჰუქერ ლაშა ჭელიძეს ლელოს, მეორე ტაიმის დასაწყისში ‘დევების’ ფრთა რატი გორჯომელიძის საპასუხო ლელო მოჰყვა და ზუკა შენგელიას ბიჭები მატჩში პირველად და ბოლოჯერ დაწინაურდნენ. მასპინძლები შერკინებაში საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ და არც ხელით თამაშში მოიკოჭლებდნენ. ,ბაგრატი’ მძლავრი მიძალების შედეგად ჯერ საჯარიმო ლელოს გამორჩა, ‘დევების’ მარცხს კი წერტილი რიონისპირელთა მგეზავის ბექა ფრუიძის გატანილმა ლელომ დაუსვა.

ლიგის კიდევ ერთმა დებიუტანტმა ‘ყაზბეგმა’ მიჯრით მესამე შეხვედრა მოიგო და საცხრილო ქულებით ‘ტაოს’ გაუტოლდა, თუმცა ბურთების უარესი სხვაობის გამო მეხუთე ადგილზე დარჩა. მოხევეებმა წინა მატჩის მსგავსად, ამჯერადაც ‘მშრალი’ ანგარიშით იმარჯვეს. გოჩა ჩქარეულის შეგირდებმა ‘ივერია ვარკეთილს’ 5 უპასუხო ლელო გაუტანეს და დაგეგმილი პრემიაც აიღეს 33:0.

აღსანიშნავია, რომ ‘ყაზბეგი’ ღრმა აუტსაიდერთან სათამაშოდ სათანადოდ ვერ განეწყო და შუამარბმა გურამ ყენიამ პირველი ლელოს დადება ტაიმის მიწურულსღა მოახერხა. ანგარიშში დაწინაურებულმა მოხევეებმა თამაში შედარებით დაალაგეს და კიდევ 4 ლელოს გატანა მოახერხეს. ‘ყაზბეგის’ ფრთა იაგო გელაძე ‘დუბლით’ გამოირჩა.

site.rugby.ge

0.116006