ავტოსპორტი

19:02 | 13.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბოტასმა იაპონიაში გაიმარჯვა, მერსედესმა ზედიზედ მეექვსე ტიტული მოიპოვა

იაპონიის დიდი პრიზის რბოლა ვალტერი ბოტასმა მოიგო და „მერსედესის“ ფორმულა 1-ის გუნდს, კონსტრუქტორთა ჩემპიონატის ზედიზედ მეექვსე ტიტული გაუნაღდა. ამასთან, შტუტგარტელები მეექვსედაც დუბლით იმარჯვებენ - ამ სეზონში პილოტებს შორის ჩემპიონიც, წინა ხუთი სეზონის მსგავსად, მათი წევრი გახდება.

ბოტასმა შესანიშნავი სტარტი აიღო, პირველივე მოსახვევში შეასწრო მეტოქეებს და ფინიშამდე ლიდერობას მხოლოდ მაშინ თმობდა, როცა პიტ სტოპს ასრულებდა. მან 11.3 წამით აჯობა სებასტიან ფეტელს, რომელმაც სტარტი პოულიდან კი აიღო, მაგრამ ცუდი სტარტი აიღო და რბოლაშიც ფინელს მეტოქეობა ვერ გაუწია.

იაპონური ეტაპის შემდეგ, „მერსედესმა“ უახლოეს მდევარ „ფერარის“ 177 ქულით გაასწრო, დარჩენილ ოთხ რბოლაში კი მაქსიმუმ 176 ქულის დაგროვებაა შესაძლებელი, რაც სამქიმიანებს მიუწვდომელს ხდის. პირად კლასიფიკაციაში, ბოტასმა ლუის ჰამილტონთან ჩამორჩენა 64 ქულამდე შეამცირა. ამგვარად, ბრიტანელს ოთხ რბოლაში 41 ქულა ჰყოფნის იმისთვის, რომ მეექვსე ტიტული დაისაკუთროს. ამასთან, ერთადერთი პილოტი, ვისაც მისთვის ამაში ხელის შეშლა შეუძლი, სწორედ ბოტასია.

ამგვარად, „მერსედესმა“ შეძლო „ფერარის“ რეკორდის გამეორება - იტალიური გუნდი 1999-2004 წლებში კონსტრუქტორთა ზედიზედ ექვს ტიტულს დაეუფლა. ოღონდ, იმავე წლებში, მარანელოელებმა (მიხაელ შუმახერმა) პირად ჩათვლაში „მხოლოდ“ ხუთი ტიტული მოიგეს.

არადა კვალიფიკაციაში, რომელიც ქარიშხალ ჰაგიბისის გამო, კვირას დილით, რბოლამდე რამდენიმე საათით ადრე ჩატარდა, ისე ჩანდა, რომ „მერსედესის“ ტრიუმფი გადაიდებოდა - პოულიც და მეორე შედგიც სწორედ წითლებს დარჩათ. ამასთან, ფეტელმა სუზუკას ტრეკის კვალიფიკაციის სარეკორდო დრო დააფიქსირა.

მაგრამ იტალიური გუნდისთვის რბოლის დასაწყისი წარუმატებელი გამოდგა - ჯერ სტარტზე ფეტელი შეყოვნდა, რომელსაც წამში ბოტასმა გაუარა. მერე კი, პირველ მოსახვევში შარლ ლეკლერი მაქს ფერსტაპენს დაეჯახა, რამაც ორივეს მანქანა დაუზიანა. მონაკოელმა რბოლა დაზიანებული წინა ფრთით გააგრძელა, რომელიც მესამე წრეზე გამოუცვალეს. ფერსტაპენისთვის კი რბოლა მე-14 წრეზე, სწორედ სტარტზე მომხდარი შეჯახებისას მიღებული დაზიანების გამო დასრულდა.

სტუარდებმა მომხდარი ჯერ სარბოლო ინციდენტად მიიჩნიეს, მაგრამ რბოლის შემდგომ სიტუაცია მაინც გააანალიზეს და ლეკლერს 5-წამიანი ჯარიმა გამოუწერეს. გარდა ამისა, იმის გამო, რომ ორი წრის განმავლობაში, მისი მანქანა ტრასაზე დამტვრეულ ნაწილებს ტოვებდა, რაც სხვებს ხიფათს უქმნიდა, ლეკლერს დამატებით 10 წამიც აჰკიდეს. თუმცა ამის მიუხედავად, მან მხოლოდ ერთი პოზიცია დაკარგა - მეექვსედან ერთით დაბლა ჩამოინაცვლა.

მეტოქეების, მათ შორის ბოტასის ერთ-სტოპიანი სტრატეგიის საპირისპიროდ, „მერსედესმა“ ჰამილტონს ერთ-სტოპიანი სტრატეგია შეურჩია, მაგრამ ამან არ გაამართლა - ბრიტანელს საბურავები მოსალოდნელზე ადრე გაუცვდა, რის გამოც, რბოლის მიწურულს ბოქსში მეორედ შესვლამ მოუწია. ამ დროს ის ლიდერი იყო, ბოქსში ვიზიტის შემდეგ კი ორი პოზიცია დაკარგა.

რბოლაში სულ 53 წრე იყო გასავლელი, მაგრამ ბოტასს ფინიშის დროშა ერთი წრით აუფრიალეს. შესაბამისად, საბოლოოდ 52 წრის ბოლოს არსებული შედეგები დაფიქსირდა.

იაპონიის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:27.064
  2. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1:27.253
  3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:27.293
  4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:27.302
  5. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:27.851
  6. ალექს ალბონი (ტაილანდი, ტორო როსო) 1:27.851
  7. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 1:28.304
  8. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:28.464
  9. პიერ გასლი (საფრანგეთი, რედ ბული) 1:28.836
  10. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:29.341
  11. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1:29.254
  12. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 1:29.345
  13. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1:29.358
  14. დანიილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1:29.563
  15. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1:30.112
  16. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 1:29.822
  17. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 1:30.344
  18. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1:30.364
  19. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) დროის გარეშე
  20. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, უილიამსი) დროის გარეშე

რბოლა

სუზუკა, დისტანცია 307.741 კმ (5.807 კმ, 53 წრე)

  1. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:21:46.755 (221.325 კმ/სთ)
  2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) + 13.343
  3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) + 13.858
  4. ალექს ალბონი (ტაილანდი, ტორო როსო) + 59.537
  5. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) + 1:09.101
  6. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 1 წრე
  7. *შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1 წრე
  8. პიერ გასლი (საფრანგეთი, რედ ბული) 1 წრე
  9. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 1 წრე
  10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1 წრე
  11. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 1 წრე
  12. დანიილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1 წრე
  13. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1 წრე
  14. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1 წრე
  15. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1 წრე
  16. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1 წრე
  17. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1 წრე
  18. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 2 წრე
  19. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, უილიამსი) 2 წრე
  20. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 38 წრე

* ლეკლერს 15 საჯარიმო წამი დაემატა და მე-6 ადგილი რიკარდოს დაუთმო

უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი - 1:30.983 (45-ე წრე, 229.770 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 338 ქულა; 2. ვალტერი ბოტასი - 274; 3. შარლ ლეკლერი - 223; 4-5. მაქს ფერსტაპენი და სებასტიან ფეტელი - 212; 6. კარლოს საინსი - 76; 7. პიერ გასლი - 73; 8. ალექს ალბონი - 64; 9. დანიელ რიკარდო - 40; 10-12. ნიკო ჰულკენბერგი, სერხიო პერესი და ლანდო ნორისი - 35; 13. დანიილ კვიატი - 33; 14. კიმი რაიკონენი - 31; 15. კევინ მაგნუსენი - 20; 16. ლანს სტროლი - 19; 17. რომენ გროჟანი - 8; 18. ანტონიო ჯოვინაცი - 4; 19. რობერტ კუბიცა - 1; 20. ჯორჯ რასელი - 0

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. მერსედესი - 612 ქულა; 2. ფერარი - 435; 3. რედ ბულ-ჰონდა - 323; 4. მაკლარენ-რენო - 111; 5. რენო - 75; 6. ტორო როსო-ჰონდა - 59; 7. რეისინგ პოინტ-მერსედესი - 54; 8. ალფა რომეო-ფერარი - 35; 9. ჰაას-ფერარი - 28; 10. უილიამს-ერსედესი - 1

სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.112762