კალათბურთი

14:45 | 6.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქუთაისი 2007-მა ბალტიის ლიგა 5 მატჩით და 4 მოგებით გახსნა

ქუთაისის 2007 წელს დაბადებულთა გუნდი 3-5 ოქტომბერს ლატვიის დედაქალაქ რიგაში იმყოფებოდა, სადაც ბალტიის ლიგის გათამაშებამ აიღო სტარტი. ირინა მელქაძისა და ია გოგლიჩიძის გაწვრთნილ გუნდს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სპეციალური პროგრამის ფარგლებში აღნიშნულ ტურნირში სამონაწილეოდ თანადაფინანსება გაეწია. პროგრამა მიზნად ისახავს ბავშვთა გუნდების ფინანსურ წახალისებას საიმისოდ, რომ განვითარდნენ და მათმა მოთამაშეებმა და მწვრთნელებმა საერთაშორისო გამოცდილება მიიღონ.

პროგრამის ნაწილი ხდება ის გუნდი, რომელიც წარმატებით იასპარეზებს Junior NBA-GBF ლიგაში. ქუთაისის 12-წლამდელთა გუნდმა გასული სეზონის აღნიშნულ ტურნირში მე-2 ადგილი დაიკავა და შესაბამისად ფედერაციისგან თანადაფინანსება მიიღო. ქუთაისთან ერთად ანალოგიური დაფინანსება მიიღეს და ბალტიის ლიგაში იასპარეზებენ Junior NBA-GBF ლიგის მოქმედი ჩემპიონი ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდი და მესამეადგილოსანი “იბერი”.

ქუთაისელებმა რიგაში 5 მატჩი გამართეს და მხოლოდ 1, ისიც დასანანი მარცხი განიცადეს. წაგებული შეხვედრა ესტონურ “აუდენტესზე” მოდის – 52:50, დანარჩენი 4 მატჩი კი იმერულმა კლუბმა დამაჯერებლად მოიგო.

East Ball (ლატვია) – ქუთაისი 34:101
ქუთაისი – აუდენტესი (ესტონეთი) 50:52
ქუთაისი – სალასპისი (ლატვია) 53:41
ბაუსკა (ლატვია) – ქუთაისი 57:67
ქუთაისი – კეილა (ესტონეთი) 43:38

ამ მატჩებში ქუთაისელებს გამოკვეთილი ლიდერი ჰყავდათ გიორგი ნიკოლაევის სახით, რომელიც მატჩში საშუალოდ 19.8 ქულას აგროვებდა. საშუალოდ 10 ქულა იყო ავთანდილ ბახტაძის ანგარიშზე.

13-წლამდელთა ბალტიის ლიგის წლევანდელ გათამაშებაში 45 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 3 ჯგუფშია განაწილებული. ქუთაისელები “ბ” ჯგუფში კიდევ 15 გუნდთან ერთად არიან, “ზაზა” და “იბერი” კი “ა” ჯგუფში ერთად არიან. იბერელები 10-13 ოქტომბერს ლატვიის ქალაქ ოზელნიეკში გამართავენ პირველი წრის მატჩებს, ხოლო “ზაზა” 14-17 ნოემბერს ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ითამაშებს.

gbf.ge

0.112962