ფეხბურთი

23:40 | 1.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლანჩხუთი ქალთა ლიგის გამარჯვებულია

ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ საქართველოს ქალთა ლიგის 2019 წლის გამარჯვებულია. ქალთა ლიგის გათამაშების ბოლო ტურში, ლანჩხუთელებმა, გათამაშების დებიუტანტი „ზარზმა“ 3-0 დაამარცხეს და ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. გურულებმა 51 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში, ამავე რაოდენობის ქულების მქონე „ნიკეს“, რომელიც მთელი ჩემპიონატი ლიდერობდა გათამაშებას, მხოლოდ ურთიერთშეხვედრებში „მეტი გოლის“ წყალობით გადაასწრეს. ჩემპიონატის ბოლო შეხვედრაში ლანჩხუთელთაგან 2 გოლი ხატია ჭყონიამ გაიტანა. სეზონის ბოლო გოლი კი, გურულთაგან თამრიკო სალუქვაძის ანგარიშზეა, რომელიც საბოლოოდ 32 გოლით 2019 წლის ქალთა ლიგის ბომბარდირი გახდა.

2019 წლის სეზონზე, „ლანჩხუთმა“ ქვეყნის თასის და ჩემპიონობის მოგება მოახერხა. 2020-2021 წლების სეზონზე კი, კლუბმა, უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ჯგუფში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ქალთა ლიგის 2019 წლის ბოლო ტურში „ნიკემ“ თბილისში, სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ ბასაზე ხობის „კოლხეთი“ 4-1 დაამარცხა. გორში, საქართველოს 2 გზის ჩემპიონმა „მართვემ“ 2-4 დაამარცხა „გორი იუნაიტედი“. ხაშურის „ივერიამ“ 5-1 დაამარცხა ბათუმის „დინამო“. ჩხოროწყუში კი, „ნორჩმა დინამომ“ 1-10 სძლია ადგილობრივ „სამეგრელოს“.

მიუხედავად იმისა, რომ ქალთა ლიგა დასრულდა, 2019 წლის საფეხბურთო სეზონზე ქალ ფეხბურთელებს სანაკრებო თამაშები ელით და უახლოესი, 8 ოქტომბერს, საქართველოსა და დანიის ეროვნულ ნაკრებებს შორის, თბილისში გაიმართება.

GFF.GE

0.130184