სხვა

19:45 | 19.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების რეგიონული ფორუმი ლოზანაში

ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ახალ შტაბ-ბინაში დასრულდა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების რეგიონული ფორუმი, რომელიც ორგანიზებული იყო IOC-ისა და ოლიმპიური სოლიდარობის მიერ. ფორუმში ევროპის 50 ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების დელეგატები მონაწილეობდნენ.

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებმა და IOC-ის შესაბამისმა სამსახურებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები მომავალ ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე. ფორუმის დელეგატებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია ოლიმპიური გუნდების მიღება-გამგზავრებაზე, განთავსებასა და სატრანსპორტო უზრუნველყოფაზე, ოლიმპიური სოფლის სერვისებზე, კვებასა და უსაფრთხოებაზე, დელეგაციების წევრების აკრედიტაციაზე, რეგისტრაციის ახალ პროგრამებზე, საწვრთნელ და საშეჯიბრო პირობებზე, საკვალიფიკაციო შეჯიბრებებზე, სამედიცინო მომსახურებაზე და დოპინგ-კონტროლზე, კულტურულ პროგრამაზე. ფორუმის მსვლელობისას მომხსენებლებმა პასუხი გასცეს ეოკ-ების წარმომადგენელთა შეკითხვებს.

ფორუმის მონაწილეებს არაფორმალურ ვითარებაში შეხვდა და გაესაუბრა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი.

ფორუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და სეოკ-ის საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური.

„ეს იყო მორიგი ფორუმი, ამჯერად უკვე ევროპული მასშტაბისა მას შემდეგ, რაც ტოკიოში ერთი თვის წინ შედგა მისიების ხელმძღვანელთა წარმომადგენლობითი სემინარი. ლოზანის შეხვედრაზე ოლიმპიადის ორგანიზატორებმა წარმოგვიდგინეს ახალი, დაზუსტებული ინფორმაცია არაერთ ჩვენთვის საინტერესო თემაზე, ამავე დროს უპასუხეს იმ კითხვებსაც, რომლებზეც პასუხის გაცემა ტოკიოში ვერ მოხერხდა. ამ ეტაპისთვის ჩვენ გვაქვს სრული ინფორმაცია ძირითად საოლიმპიადო თემატიკაზე და ამ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, გავუზიარებთ სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებს, მწვრთნელებს და თავად სპორტსმენებს, რომლებსაც გაისად უმნიშვნელოვანესი სპორტული ფორუმი ელით," - აღნიშნა ელგუჯა ბერიშვილმა.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1114