კალათბურთი

16:20 | 18.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

მიხეილ ვართანოვმა და კირილე თვაურმა ფიბა-ს არბირტრის ლიცენზია მიიღეს

საქართველოს მსაჯთა კორპუსი კიდევ 2 ფიბა-ს მსაჯით შეივსო. რამდენიმე დღის წინ კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ლიცენზია ოფიციალურად მიიღეს მიხეილ ვართანოვმა და კირილე თვაურმა, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული გამოცდები.

მიხეილ ვართანოვი ფიბა-ს მსაჯობამდე დიდი ხანია, მიდიოდა. ის 2 წლის წინ 3×3 კალათბურთში ფიბა-ს არბიტრი გახდა, ხოლო შარშან ბოსნიაში სემინარებს დაესწრო და პრაქტიკული გამოცდებიც წარმატებით ჩააბარა. რაც შეეხება კირილე თვაურს, იგი ბოსნიაში მიმდინარე თვეში იმყოფებოდა და ანალოგიურ ტესტებს წარმატებით გაართვა თავი. ფიბა-ს არბიტრის წოდების მიღების ბოლო აკორდი იყო საკალათბურთო წესების ტესტები, რომლებიც თვაურმა და ვართანოვმა ფიბა-ს ქართველ არბიტრებთან ერთად – მაკა კუპატაძესთან და დავით ბერეკაშვილთან ერთად ჩააბარეს.

თვაურისა და ვართანოვის მომზადებასა და საერთაშორისო გაქანების მსაჯებად ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი სერბ სპეციალისტს, დრაგან ნეშკოვიჩს და ფიბა-ს ერთადერთ ქართველ კომისარს, მერაბ რატიშვილს მიუძღვით. ნეშკოვიჩი საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში მსაჯთა ინსტრუქტორად მუშაობს. წარსულში საკმაოდ ცნობილი და ავტორიტეტული ფიბა-ს არბიტრი ფედერაციამ საქართველოში მსაჯთა კორპუსის შესავსებად და არსებული კონტიგენტის კვალიფიკაციის ასამაღლებლად მოიწვია. მისი დახმარებით არაერთმა ახალგაზრდამ დაიწყო მსაჯობა, ხოლო მოქმედ არბიტრებს მისი კავშირებით ფიბა-სგან მეტი ყურადღება ეთმობათ. ამის ნათელი მაგალითია ფიბა-სლიცენზიები, რომლებიც თვაურმა და ვართანოვმა დაიმსახურეს.

ამიერიდან საქართველოს ფიბა-ს ლიცენზიის 4 მსაჯი, ასევე 1 კომისარი და ტექნიკური დელეგატი ეყოლება. წლების მანძილზე ფიბა-ს ლიცენზიას ფლობენ მაკა კუპატაძე და დავით ბერეკაშვილი, რომლებსაც ამიერიდან მიხეილ ვართანოვი და კირილე თვაურიც შეუერთდნენ. რაც შეეხება ფიბა-ს ერთადერთ კომისარსა და ტექნიკურ დელეგატს, იგი კალათბურთის ფედერაციაში ფიბა-სთან ურთიერთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მერაბ რატიშვილია.

http://gbf.ge

0.132165