ფეხბურთი

0:40 | 12.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი "სან პაოლოს" გასახდელებით აღშფოთებულია: "სად გამოვიცვალოთ?!"

იტალიური „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი აღშფოთებულია სტადიონ „სან პაოლოზე“ შესრულებული სამუშაოებით. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, გასახდელები მოწესრიგებული არაა და არ იცის, სად გამოიცვალოს მისმა გუნდმა უახლოეს ორ მატჩში, რომელსაც ჯერ „სამპდორიასთან“, მერე კი „ლივერპულთან“ ჩაატარებს.

„სან პაოლოს“ გასახდელის პირობები ვნახე და სიტყვები არ მაქვს. მე დავთანხმდი გუნდის ხელმძღვანელობას სეზონის პირველი ორი თამაში სტუმრად ჩაგვეტარებინა, რომ სტადიონზე სამუშაოები დასრულებულიყო, როგორც დაგვპირდნენ.

ორ თვეში შესაძლებელია სახლის აშენება და მათ გასახდელების შეცვლა ვერ მოახერხეს! სად უნდა გამოვიცვალოთ „სამპდორიასთან“ და „ლივერპულთან“ მატჩების დროს? აღშფოთებული ვარ იმ ადამიანების უპასუხისმგებლობით, რომლებსაც ამ სამუშაოს შესრულება ევალებოდათ. ვხედავ ზიზღსა და არასწორ დამოკიდებულებას ქალაქისა და გუნდის მიმართ, ძალიან ვწუხვარ“, - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს „ნაპოლის“ ვებგვერდი.

ცნობისთვის, „სან პაოლოზე“ ზაფხულში რეკონსტრუქცია მიმდინარეობდა და მთლიანად გამოიცვალა ტრიბუნების სკამები. გარდა ამისა, უნდა გარემონტებულიყო გასახდელებიც, მაგრამ როგორც ჩანს, ამ მხრივ საქმე წინ არ წასულა. სწორედ ამ სამუშაოების გამო „ნაპოლიმ“ სერია A-ს საწყის ორ ტურში სტუმრად ითამაშა („ფიორენტინასთან“ და „იუვენტუსთან“).

აქვე ვთქვათ, რომ ნეაპოლელები შაბათს „სან პაოლოზე“ „სამპდორიას“, ხოლო სამშაბათს „ლივერპულს“ უმასპინძლებენ.

0.127382