ფეხბურთი

1:10 | 5.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ამხანაგური მატჩი მნიშვნელოვანი ელემენტებით

საქართველოს ნაკრები დღეს, ამხანაგურ მატჩს სტამბოლში სამხრეთ კორეის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. ეს ერთგვარად ისტორიული თამაშია, რადგან საქართველოს კორეელებთან აქამდე არასდროს უთამაშია.

„ჯვაროსნებისთვის“ 5 სექტემბერი ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპიდან თავისუფალი თარიღი იყო და თავდაპირველად მოლაპარაკებები ჩილესთან მიმდინარეობდა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა. აზიელებთან სპარინგი კი სულ ცოტა ხნის დაიგეგმა და სწორედ მეტოქის სურვილი იყო, რომ მატჩი თურქეთში ჩატარებულიყო.

ვლადიმირ ვაისმა თავდაპირველად 27 ფეხბურთელი გამოიძახა, თუმცა დავით ხოჭოლავა და სოლომონ კვირკველია ტრავმების გამო გამოაკლდა. ასევე სათუოა ლაშა დვალის თამაშიც და მისი საკითხიც მატჩის წინ გაირკვევა.

სხვა მხრივ, ყველა ფეხბურთელი ჯანრთელადაა და თამაშისთვის მზად არიან. უნდა აღვნიშნოთ, რომ ნაკრებში ორი დებიუტანტია ლევან შენგელია და ზურიკო დავითაშვილი, რომლებმაც ბოლო დროინდელი წარმატებული თამაშის შემდეგ ვაისის ყურადღება დაიმსახურეს და ამაში გასაკვირი არც არაფერია. პრინციპში, ეროვნული გუნდისთვის ახალი სახეა ხვიჩა კვარაცხელიაც.

ვაისმა სწორედ ამას გაუსვა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ხაზი და თქვა, რომ ახალგაზრდებს შანსს მაქსიმალურად აძლევს. სლოვაკის თქმით ყველა თამაში მნიშვნელოვანია და დანიასთან გამანდგურებელი მარცხის შემდეგ ახლა სამხრეთ კორეასთან წარმატებული თამაში აუცილებელია იმავე დანიასთან წინასამატჩოდ დადებითი ხასიათის შესაქმნელად.

მოგეხსენებათ, „ჯვაროსნები“ 8 სექტემებრს უკვე ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში სკანდინავიელებს დაუხვდებიან. თუმცა, იქამდე პაულო ბენტუს გუნდთან დაპირისპირებაა, რომელიც ადვილი არ იქნება.

სამხრეთ კორეა ფიფას რეიტინგში 37-ე პოზიციას იკავებს და მსოფლიო ჩემპიონატების მუდმივი მონაწილეა. მეტიც, ბოლო მუნდიალზე თვით გერმანიას აჯობა და ჯგუფში ჩატოვა.

საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა დღევანდელ მატჩში (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, ტაბიძე; კანკავა, გვილია; ლობჟანიძე, კიტეიშვილი, კვარაცხელია; ყაზაიშვილი

აქვე ვთქვათ, რომ დღევანდელი შეხვედრა თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება და პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხზე“ იქნება.

0.142974