ავტოსპორტი

4:01 | 31.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფორმულა 1-მა 2020 წლისთვის 22-რბოლიანი კალენდარი გამოაქვეყნა

ფორმულა 1-მა მსოფლიოს 2020 წლის ჩემპიონატის კალენდრის პირვანდელი ვერსია გამოაქვეყნა, რომელშიც 22 რებოლაა შეტანილი. მომავალ სეზონში დიდი პრიზების ისტორიაში პირველად ჩატარდება ვიეტნამის ეტაპი, ჰოლანდია კი კალენდარს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ უბრუნდება.

ვიეტნამში რბოლა დედაქალაქ ჰანოის ქუჩებში გაიმართება (5 აპრილს), ჰოლანდიაში კი რბოლას ცანდფოორტის ტრეკი უმასპინძლებს (3 მაისს). ბოლო წლებში ეს პირველი შემთხვევაა, რომ სეზონის ევროპული ნაწილი ბარსელონაში არ დაიწყება. სამაგეროდ, პირველი და ბოლო ეტაპები კვლავ მელბურნში და აბუ დაბიში გაიმართება.

საინტერესოა, რომ შვიდჯერ რბოლები ერთმანეთის მიყოლებით, კვირის გამოუტოვებლად გაიმართება. ამასთან სამჯერ, ერთკვირიან ინტერვალში რბოლები ძალიან დაშორებულ ადგილებში ჩატარდება. ეს წყვილებია ავსტრალია-ბაჰრეინი, აზერბაიჯანი-კანადა და სინგაპური-რუსეთი.

ორი ახალი რბოლის სანაცვლოდ, კალენდარს ტოვებს გერმანიის ეტაპი. ამასთან, იტალიის რბოლის ორგანიზატორებს კონტრაქტი ჯერ არ გაუგრძელებიათ. მათგან განსხვავებით, კონტრაქტები გააგრძელეს ავსტრალიამ, ბრიტანეთმა, აზერბაიჯანმა, ესპანეთმა და მექსიკამ.

ფორმულა 1-ის 2020 წლის სეზონის კალენდარი

15 მარტი ავსტრალია

22 მარტი ბაჰრეინი

5 აპრილი ვიეტნამი

19 აპრილი ჩინეთი

3 მაისი ჰოლანდია

10 მაისი ესპანეთი

24 მაისი მონაკო

7 ივნისი აზერბაიჯანი

14 ივნისი კანადა

28 ივნისი საფრანგეთი

5 ივლისი ავსტრია

19 ივლისი ბრიტანეთი

2 აგვისტო უნგრეთი

30 აგვისტო ბელგია

6 სექტემბერი იტალია

20 სექტემბერი სინგაპური

27 სექტემბერი რუსეთი

11 ოქტომბერი იაპონია

25 ოქტომბერი აშშ

1 ნოემბერი მექსიკა

15 ნოემბერი ბრაზილია

29 ნოემბერი აბუ დაბი

0.117887