ფეხბურთი

2:32 | 31.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

გამარჯვება სინიშასთვის ბოლო წუთზე გატანილი გოლით

იტალიის სერია A-ს მეორე ტური ბოლონიაში დაიწყო, სადაც ადგილობრივი გუნდის წინააღმდეგ სათამაშოდ „სპალი“ ჩავიდა. პირველ ტურში გამარჯვება ვერცერთმა მოახერხა და შესაბამისად, სეზონში პირველი სამი ქულის მოპოვებას ისახავდნენ მიზნად.

აღსანიშნავია, რომ „ბოლონიას“ მთავარი მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი კვლავ სათადარიგო სკამზე გამოჩნდა და გუნდს უხელმძღვანელა. მოგეხსენებათ, ლეგენდარული სერბი ლეიკემიას ებრძვის და აქამდე მკურნალობის კურსს საავადმყოფოში გადიოდა.

„რენატო დალ არაზე“ სინიშას გულშემატკივრები ოვაციებით, ბანერებით და აპლოდისმენტებით დახვდნენ. მისმა გუნდმა კი მოლოდინი გაუმართლა. „ბოლონიამ“ გაცილებით უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა და მეტოქეს ერთი თავით აჯობა. გამარჯვებაც დამსახურებულად მოიპოვა.

რობერტო სორიანოს თავური მსაჯის კომპენსირებულ დროში გადამწყვეტი გამოდგა და „როსობლუმ“ სეზონში პირველად მოიგო. ისე, უნდა ვთქვათ, რომ მასპინძლებს იქამდეც არაერთხელ შეეძლოთ გატანა, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ.

ბუნებრივია, გამარჯვება სინიშა მიხაილოვიჩს მიეძღვნა, რომელიც გმირულად იბრძვის და საყვარელ საქმიანობასაც აგრძელებს.

„ბოლონია“ – „სპალი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 სორიანო (90)

თეგებისერია A
0.117079