ფეხბურთი

1:30 | 28.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: ჯგუფის კარი სამმა გუნდმა შეაღო, დარჩა - სამი

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სრულად დაკომპლექტებამდე 24 საათზე ნაკლები და 3 გუნდი რჩება. დიახ, სწორედ სამი ვაკანტური ადგილია დარჩენილი და მერე ყველაფერი მზად იქნება წლისყრისთვის.

იქამდე კი, ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე თამაშის უფლება სამმა გუნდმა მოიპოვა. მათ შორის, ყველაზე ადვილად პირეოსის „ოლიმპიაკოსმა“, რომელმაც „კრასნოდარი“ ორი მატჩის ჯამში გაანდგურა. საერთოდ, ამ წყვილში ყველაფერი ერთი კვირის წინ გაირკვა, როდესაც საბერძნეთში მასპინძლებმა ბევრისთვის მოულოდნელად 4:0 მოიგეს. „ოლიმპიაკოსს“ არც რუსეთში ჰქონიდა პრობლემა და მიუხედავად იმისა, რომ პირველმა გაუშვა, იქაც იმარჯვა - 2:1. შედეგად, ორი მატჩის ჯამში 6:1 და ბერძნული გრანდი ჩემპიონთა ლიგას ერთწლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება.

ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს ზაგრების „დინამოც“, რომელმაც გზად „საბურთალოც“ განვლო, ხოლო ბოლო ეტაპზე ნორვეგიის ჩემპიონ „როსენბორგს“ სძლია. ხორვატიაში ბალკანელებმა სერიოზული უპირატესობა მოიპოვეს (2:0). თუმცა, სკნადინავიელებმა იბრძოლეს, მე-11 წუთზეც გახსნეს ანგარიში და იმედი ჩაესახათ. მაგრამ, თამაშის დასრულებამდე 19 წუთით ადრე გოიაკის გოლმა ხორვატიის ჩემპიონს ჩემპიონთა ლიგის კარი გაუღო.

ბელგრადში კი დიდი ბრძოლა იყო „ცრვენა ზვეზდასა“ და „იანგ ბოიზს“ შორის. გასულ სეზონში ორივე თამაშობდა ჯგუფში, ამჯერად კი ეს სიამოვნება მხოლოდ სერბეთის ჩემპიონს ექნება. ბერნშიც და ბელგრადში მატჩები ფრედ დასრულდა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ შვეიცარიაში 2:2, ხოლო სერბეთში - 1:1. შედეგად, „ცრვენა ზვეზდა“ გამარჯვებული სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით გამოვიდა.

დღესვე, ჯგუფური ეტაპის სამი მონაწილე გახდება ცნობილი. „აიაქსი“ – „აპოელი“ (პირველი მატჩი 0:0), „ბრიუგე“ – „ლინცი“ (1:0), „სლავია“ – „კლუჟი“ (1:0).

„კრასნოდარი“ – „ოლიმპიაკოსი“ 1:2 (1:1)

გოლები: 1:0 უტკინი (10), 1:1 ელ არაბი (11), 1:2 ელ არაბი (47)

„ცრვენა ზვეზდა“ – „იანგ ბოიზი“ 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 ვუკანოვიჩი (59), 1:1 ბენ ნაბუანე (82, ა.გ)

„როსენბორგი“ – „დინამო ზაგრები“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 დავიდი (11), 1:1 გოიაკი (71)

0.147544