ფეხბურთი

13:42 | 26.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი: "როდესაც გუნდში კიელინი და ბონუჩია, სოლიდური სატრანსფერო თანხა ძირითადის გარანტია არაა"

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი მატიას დე ლიხტი სერია A-ს პირველ ტურში „პარმასთან“ თადარიგში დარჩა და თვითონაც გაკვირვებული დარჩა. თუმცა, აღნიშნა, რომ მწვრთნელის გადაწყვეტილების პატივს ვცემ და ძირითად შემადგენლობაში ადგილი ბრძოლით უნდა მოვიპოვოო.

ახლა კი, 20 წლის ფეხბურთელის შესახებ კომენტარი ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა გააკეთა. მისი თქმით, დე ლიხტს ადაპტაცია სჭირდება, მაგრამ თუ ოქტომბერშიც არ ექნება სათამაშო პრაქტიკა, ეროვნული ნაკრების ძირითად შემადგენლობაში მოხვედრაც გაუჭირდება.

„ბევრი ფიქრობს, რომ ის აუცილებლად ითამაშებს, რადგან დიდი თანხის სანაცვლოდ შეიძინეს. მაგრამ თუ გუნდის შემადგენლობაში კიელინი და ბონუჩია, შეიძლება მწვრთნელმა სხვა არჩევანი გააკეთოს. მატიასს ორი კვირის წინ ველაპარაკე და მითხრა, რომ იტალიური დაცვის სათამაშო სტილთან ადაპტირება უნდა გაიაროს. ცხადია, იტალიაში განსხვავებულია დაცვაში თამაში, ვიდრე „აიაქსსა“ და ჰოლანდიაში, იქ უფრო მეტი მოთხოვნებია. ადაპტაცია სჭირდება, მაგრამ დიდი დრო არ უნდა დასჭირდეს.

ახლა მისი მდგომარეობით შეშფოთებული ნამდვილად არ ვარ, მაგრამ თუ ოქტომბერშიც იგივე ვითარება იქნება, შესაძლოა ვიფიქრო, რომ სათამაშო რიტმისთვის მზად არ იქნება“, - აღნიშნა კუმანმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ დე ლიხტი ზაფხულში 75 მილიონ ევროდ გადაიბირა. როგორც იტალიური მედია წერს, ჰოლანდიელის დებიუტი მომდევნო ტურში, 31 აგვისტოს „ნაპოლისთან“ შედგება.

0.12949