ჩოგბურთი

23:11 | 22.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძეს აშშ-ს ღია პირველობის კვალიფიკაციაში გადამწყვეტი მატჩი ელის

21 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ აშშ-ს ღია პირველობის კვალიფიკაციაში მე-2 მატჩი მოიგო და ძირითად ბადემდე 1 გამარჯვება აშორებს.

დღეს, ბოლქვაძემ, რომელი WTA-ს რეიტინგში 202-ე ადგილზეა, სამხრეთკორეელ ნა-ლაე ჰანს (163-ე) გაეჯიბრა და ურთულეს შეხვედრაში 2:6, 6:2, 7:5 იმარჯვა.

თამაში 2:10 საათს გაგრძელდა და უპირატესობა ხელიდან ხელში გადადიოდა. მე-3 სეტში აზიელი 3:0 დაწინაურდა, რასაც ქართველმა ჩოგბურთელმა მიჯრით მოგებული 5 გეიმი მიაყოლა, ჰანმა წონასწორობა აღადგინა, თუმცა, დასკვნითი 2 გეიმი ისევ მარიამს დარჩა.

აღსანიშნავია, რომ ბოლქვაძემ 1 ეისი მოაწოდა და 6 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, პირველ მოწოდებაზე ბურთების 60% (38 62-დან) მოიგო, მეორეზე კი - 27% (7 27-დან). ქართველმა გოგონამ 17-დან 7 ბრეიკ პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება 6-ჯერ დათმო.

აშშ-ს ღია პირველობის მე-3 საკვალიფიკაციო რაუნდში გასვლის წყალობით, მარიამმა 30 სარეიტინგო ქულა და 32 ათასი დოლარი გამოიმუშავა, გადამწყვეტ შეხვედრას კი ჩინელ შილინ ქსუსთან ჩაატარებს, რომელსაც კლასიფიკაციაში 215-ე ადგილი უკავია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115425