სხვა

18:25 | 22.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქვათაძეებმა მსოფლიოს თასი დაასრულეს

დავით ქვათაძემ 109 ქულით დაასრულა გამოსვლა ფინურ ლაჰტში, მესტენდურთა მსოფლიოს თასზე, რაც 96-ე შედეგი აღმოჩნდა. გივი ქვათაძე 103 ქულით 118-ზე გავიდა.

ამ სალიცენზიო ტურნირში (ფინეთში ტოკიოს ოლიმპიადის 2-2 საგზური თამაშდებოდა) ვაჟებმა დღეს საკვალიფიკაციო ეტაპი დაასრულეს. დავით ქვათაძემ გუშინდელ სერიებში 44 ქულა დააგროვა (25+19), რასაც დღეს 65 ქულა დაუმატა - 22, 20, 23. მან დამატებითი მაჩვენებლებით ჩამოიტოვა ორი თანაბარქულიანი მეტოქე, ერთს კი თვითონ ჩამორჩა ამავე მიზეზით.
გივი ქვათაძემ გუშინდელ სერიებში 17 და 22 ქულა დააგროვა, რასაც დღეს 22, 20 და 22 დაუმატა. 103 ქულით კიდევ 4-მა მსროლელმა დაასრულა ასპარეზობა, მაგრამ ქვათაძემ ოთხივეს გაუსწრო.
საკვალიფიკაციო ეტაპი უდანაკარგოდ ჩაატარა იტალიელთა ევროპის ორგზის ჩემპიონმა ლუიჯი ლოდემ, ვინც ქულათა მაქსიმუმით გაიმარჯვა - 125 ქულა. მას საგრძნობლად - 3-3 ქულით ჩამორჩნენ ფინელი ოსკარი კოსი, ეგვიპტელი აზმი მეჰელბა, ფრანგი ერიკ დელაუნი და კიდევ ერთი ფინელი ეეტუ კალიოინენი - 122 ქულა თითოეულს. დამატებითი მაჩვენებლებით, მათ შორის ადგილები ზუსტად ასეთი თანმიმდევრობით განაწილდა, ფინალის მეექვსე საგზური კი ნორვეგიელმა იონას ფილტვედტმა მიიღო 121 ქულით, თუმცა ეს უფლება მან დამატებითი მაჩვენებლებით მოიპოვა ორ თანაბარქულიან მდევართან პაექრობაში.
ფინალი ლაჰტში სულ მალე დაიწყება და ამით მსოფლიოს თასის ეს ეტაპიც დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116329