ავტოსპორტი

2:50 | 20.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ფერარიმ“ საკუთარი მანქანის ნაკლი აღიარა

„სკუდერია ფერარიმ“ ეს სეზონი ერთ-ერთ ფავორიტად დაიწყო, მაგრამ პირველივე რბოლებიდან გამოჩნდა, რომ მარანელოელებს „მერსედესთან“ ტოლსწორად ბრძოლის უნარი არ აქვთ. უფრო მეტიც, საზაფხულო არდადეგების წინ, იტალიურ გუნდს „რედ ბულიც“ წამოეწია და მეორე ადგილს ედავება.

ძრავის წყალობით, „ფერარი SF90“ სწორზე სისწრაფით გამოირჩევა, მაგრამ მისი აეროდინამიკა ნელ მოსახვევებში ცუდად მუშაობს და მანქანას ჩაჭიდება არ ჰყოფნის. სამწუხაროდ, ახლა უკვე შეუძლებელია ამ ნაკლის გამოსწორება, რადგან პრობლემა აეროდინამიკის კონცეპციაშია, რაც შუა სეზონში ვერ გამოსწორდება. ბევრი უკვე ლაპარაკობს იმაზეც, რომ შესაძლოა, „ფერარიმ“ ეს სეზონი მოუგებლად დაასრულოს.

ბრიტანულ გამოცემა „ავტოსპორტთან“ საუბრისას, „ფერარის“ შეფ მატია ბინოტოს თქმით, ის ნანობს, რომ გუნდმა SF90-ზე მუშაობისას, ძირითადი აქცენტი ჩაჭიდებაზე არ გააკეთა. „მე რომ ერთი წლის წინ დაბრუნება შემეძლოს, მეტ ყურადღებას ჩაჭიდებას დავუთმობდი“, - ამბობს ბინოტო.

მიუხედავად იმისა, რომ წინასასეზონო ტესტების ბოლო ეტაპზე, „მერსედესმა“ საუკეთესო მომზადება გამოავლინა, „ფერარიში“ ფიქრობდნენ, რომ სამქიმიანებს კონკურენციას გაუწევდნენ.

„სეზონის დასაწყისში, ჩვენ საკუთარი სუსტი გამოსვლით გაკვირვებულები დავრჩით. შესაძლოა, იმაზე არ ვფიქრობდით, რომ წინ ვიქნებოდით, მაგრამ იმედი გვქონდა, რომ მათსავით სწრაფები უნდა ვყოფილიყავით. და ავსტრალიაში ასე არ იყო“, - დასძენს ბინოტო.

თუ „ფერარის“ ამ სეზონში თუნდაც ერთი გამარჯვების მოპოვება სურს, მაშინ შესაფერისი მომენტი არდადეგების დასრულებისთანავე, ბელგიის და იტალიის დიდი პრიზების რბოლებში მიეცემა. სპასა და მონცაზე, SF90-ს თავისი ძლიერი მხარის სრულად წარმოჩენის შესაძლებლობა ექნება. მითუმეტეს, ეს ორი ტრეკი სწრაფი მოსახვევებით გამოირჩევა.

„ვფიქრობ, სპაზე და მონცაზე სიმძლავრე მეტად ფასობს, ვიდრე სხვაგან. ამიტომ მანად წარმატების მეტი შანსი გვექნება. ჩვენ ძლიერი კონკურენტები გვყავს და პირველ რიგში, საკუთარ თავთან პაექრობა მოგვიწევს“ - ამბობს ბინოტო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110138