ფეხბურთი

1:56 | 14.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი სენსაციების ფონზე დაკომპლექტდა

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი დაკომპლექტებულია. მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე რამდენიმე მოულოდნელი და მეტიც, ხმაურიანი სენსაცია დაფიქსირდა.

უნდა გამოვყოთ, „აპოელისა“ და „კრასნოდარის“ გამარჯვებები, რომელთაც პირველი მატჩები საკუთარ მოედანზე ჰქონდათ წაგებული, მაგრამ ორრაუნდიან ბრძოლაში გამარჯვებულნი გამოვიდნენ.

„დრაგაუზე“ „პორტუმ“ „კრასნოდარს“ უმასპინძლა და აშკარა ფავორიტად განიხილებოდა, რადგან რუსეთში მოგებული ჰქონდა - 1:0. თუმცა, რუსული გუნდი პორტუგალიაში მოხალისედ არ ჩასულა და ნახევარი საათის შემდეგ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. „კრანსოდარი“ უკვე 34-ე წუთზე 3:0 იგებდა! მეორე ტაიმში „პორტუმ“ გამოიღვიძა და 2 ბურთი გაქვითა, მაგრამ მეტი ვეღარ გაახერხა და დამარცხდა. ორი მატჩის ჯამში „კრასნოდარი“ სტუმრად გატანილი მეტი გოლით გამარჯვებული გამოვიდა და პლეი-ოფში ისტორიაში პირველად ითამაშებს. „პორტუს“ კი ევროპა ლიგაზე ფიქრი მოუწევს.

კიდევ ერთი მოულოდნელი შედეგი „სელტიკ პარკზე“ დაფიქსირდა, სადაც ადგილობრივმა გუნდმა „კლუჟს“ უმასპინძლა. რუმინეთში გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს და შოტლანდიაში მასპინძელთა შანსი უფრო ფასობდა. შეხვედრა კი დრამატული გამოდგა. ჯერ „კლუჟი“ იგებდა, მერე ორჯერ „სელტიკი“, მაგრამ ბოლო 10 წუთში რუმინელებმა ორჯერ გაიტანეს და 4:3 მოიგეს. ამრიგად, ჩემპიონთა ლიგას ხელი „სელტიკმაც“ დაუქნია.

ამსტერდამის „აიაქსმა“ ბერძნულ პაოკთან სტუმრად დაზავების შემდეგ (2:2) ბეწვის ხიდზე გაიარა და შინ მოიგო, მაგრამ თავიდან აგებდა. საბოლოოდ, 79-ე და 85-ე წუთებზე ნიკოლას ტალიაფიკომ და დუშან ტადიჩმა ყველა კითხვის ნიშანი გააქრეს. ბოლოს პაოკ-მა ერთი გოლი გაიტანა და საპატიო ანგარიშით წააგო - 2:3.

ავსტრიულ „ლინცს“ „ბაზელთან“ პრობლემა არ ჰქონია და სტუმრად 2:1 მოგების მერე, საკუთარ მეოდანზე გაიმყარა უპირატესობა - 3:1. იგივე ითქმის პირეოსის „ოლიმპიაკოსზე“, რომელმაც „ბაშაკშჰერი“ ერთი კვირის წინ სტამბულში დაამარცხა და ახლა სახლშიც აჯობა - 2:0.

„თელია პარკენზე“ დანიის ჩემპიონი „კოპენჰაგენი“ სერბულ „ცრვენა ზვეზდასთან“ ვერაფერს გახდა და პენალტების სერიაში დაამრცხდა.როგორც ბელგრადში, კოპენჰაგენშიც 1:1 დაფიქსირდა. საფეხბურთო ლატარეაში სერბეთის ჩემპიონს უფრო გაუმართლა - 7:6.

ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა ლაშა დვალის „ფერენცვაროშიც“. არადა, უნგრელებმა ერთი კვირის წინ ზაგრებში „დინამოსთან“ მოულოდნელი და იმედისმომცემი ფრე 1:1 გამოადნეს, მაგრამ ბუდაპეშტში 0:4 განადგურდნენ და ზაგრების „დინამო“ შემდეგ ეტაპზე გავიდა. დვალს და მის თანაგუნდელებს კი ახლა ევროპა ლიგის ჯგუფში შესვლისთვის მოუწევთ გარჯა.

ბელგიურმა „ბრიუგემ“ კიევის „დინამოსთან“ შინ მოპოვებული უპირატესობა (1:0) უკრაინის დედაქალაქში დაიცვა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. კიევური დაპირისპირება უხვგოლიანი გამოდგა და გუნდებმა 3-3 გოლი გაიტანეს, რამაც ბელგიელთა წისქვილზე დაასხა წყალი.

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ითამაშებს ტრონჰეიმის „როსენობორგი“. ერთ დროს ჯგუფური ეტაპის მუდმივი ბინადარი ძველებურად მრისხანე ვეღარაა, მაგრამ სლოვენიურ „მარიბორს“ ძალიან ადვილად გაუსწორდა - 3:1, 3:1.

და ბოლოს, გათამაშებას გამოეთიშა „ყარაბაღი“. არადა, აზერბაიჯანის ჩემპიონმა კვიპროსში „აპოელთან“ 2:1 მოიგო და წყვილში აშკარა ფავორიტად განიხილებოდა, მაგრამ „აპოელმა“ ბაქოში მცირე სასწაული მოახდინა, 2:0 მოიგო და მომდევნო ეტაპზე თავად გავიდა.

პლეი-ოფი

„დინამო“ (ხორვატია) – „როსენბორგი“ (ნორვეგია)

„კლუჟი“ (რუმინეთი) – „სლავია“ (ჩეხეთი)

„იანგ ბოიზი“ (შვეიცარია) – „ცრვენა ზვეზდა“ (სერბეთი)

„აპოელი“ (კვიპროსი) – „აიაქსი“ (ჰოლანდია)

„ლინცი“ (ავსტრია) – „ბრიუგე“ (ბელგია)

„ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი) – „კრასნოდარი“ (რუსეთი)

სტატისტიკა
0.233786