ავტოსპორტი

10:20 | 13.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ალბონი „რედ ბულში“ გასლის შეცვლის

„რედ ბულ რეისინგმა“ ზაფხულის არდადეგების დროს, გუნდში ცვლილება განახორციელა - ცუდად მოასპარეზე ფრანგი პიერ გასლის ადგილზე, „ტორო როსოდან“ ტაილანდელი ალექს ალბონი მიიწვია. გასლი იტალიურ გუნდს დაუბრუნდება, საიდანაც წითელ ხარებში ამ სეზონის წინ გადაიყვანეს.

ალბონმა გასულ სეზონში FIA-ს ფორმულა 2-ის ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა და ის ფორმულა 1-ში სადებიუტო სეზონს ატარებს. მან უკვე მოასწრო სპეციალისტთა ყურადღების მიპყრობა და „რედ ბულის“ კონსულტანტმა ჰელმუტ მარკომაც არ დააყოვნა. ბრიტანეთში დაბადებულ ტაილანდელ პილოტს, განვლილ 12 რბოლაში 16 ქულა აქვს დაგროვილი. მისი საუკეთესო შედეგი კი, წვიმიან ჰოკენჰაიმზე დაკავებული მე-6 ადგილია. საინტერესოა, რომ ეს მისთვის პირველი წვიმიანი რბოლა იყო ფ1-ში.

პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ გასლიმ იმედები ვერ გაამართლა. ის ახლოსაც არაა თანაგუნდელ მაქს ფერსტაპენთან, რომელსაც უკვე ორი გამარჯვება აქვს და მხოლოდ 7 ქულით ჩამორჩება „მერსედესის“ ვალტერი ბოტასს, რომელიც ჯერჯერობით, მეორე ადგილზეა. გასლის ანგარიშზე მხოლოდ 63 ქულაა, როცა ფერსტაპენს მასზე თითქმის სამჯერ მეტი (181) აქვს. ფრანგი კვარცხლბეკზე ერთხელაც არაა ასული და მას ხშირად ჯობნიან მეორე ეშელონის გუნდების პილოტები.

შეგახსენებთ, რომ „რედ ბულში“ ფერსტაპენიც „ტორო როსოდან“ არის გადასული. ეს 2016 წლის სეზონის მიწურულს მოხდა, მომდევნო სეზონში კი ჰოლანდიელმა თავისი პირველი გამარჯვება (ესპანეთში) იზეიმა.

0.114416